„ღმერთო, მე მგონი, მართლა იცრუა“ - გიგა ბოკერია გამომძიებლის განცხადების შესახებ

„ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენება მისცა. გამომძიებელ ბექა კვიციანის ინფორმაციით, საქმეს მინიჭებული აქვს გრიფი „საიდუმლო“.

„ახალი ვერაფერი გავიგე ამ გამოკითხვის პროცესიდან. იქ არის ფორმალური ვალდებულება, რომ გრიფი ადევსო და დეტალებზე არ ისაუბროო. თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ არაფერი ისეთი იქ არ თქმულა, რაზეც შეიძლება, ვისაუბროთ, რომ გრიფი „საიდუმლო“ შეიძლება ჰქონდეს. თუ რამე არის ისეთი, სენსიტიური, იმ საქმიანობიდან, რასაც უშიშროების საბჭო ეწეოდა ჩემი მდივნობის დროს, იმ სენსიტიურ რაღაცებზე ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს ჩემგან ინფორმაცია არც ექნებათ იმაზე მეტი, რაც დოკუმენტებშია. ამიტომ, არაფერი არ იყო აქ გასასაიდუმლოებელი“, - ამბობს გიგა ბოკერია.

გიგა ბოკერიამ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, კვლავ, რატომ დადგა დღის წესრიგში მასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე.

„მე ვარ ავხსნი ვერანაირად საჭიროებას, ეს უნდა ახსნან მათ. მთავარი „გარემოება“, რაც შეიცვალა, არის, რომ მაშინ ჩათვალეს, რომ სხვა პოლიტიკურ ოპონენტებზე უფრო მნიშვნელოვანი, საჭირო იყო ფოკუსირება, ახლა არის ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისი ივანიშვილის, ამ სამარცხვინო ლიდერის და მისი კლოუნების, ამიტომ უფრო ფართოდ გაშალეს ფრთები. ვერაფერი მოვისმინე, რაც ახსნიდა, ხუთი წლის თავზე რატომ გაახსენდათ ეს საქმე. სხდომაზე არაფერი ისეთი არ მომისმენია, რის გამოც შოკირებული ვარ“, - აღნიშნავს გიგა ბოკერია.

შეკითხვაზე, გამომძიებელმა დაკითხვის დაწყებამდე თქვა, რომ არის ახალი გარემოება, იცრუა მან?

„ღმერთო, მე მგონი, მართლა იცრუა“, - ხუმრობით აღნიშნა ბოკერიამ.

რაც შეეხება გამოძიების პოზიციას, როგორც პროკურატურამ გვამნცო, ახალ, დამატებით შეკითხვებზე გამოძიებამ გიგა ბოკერიასგან პასუხები ვერ მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოში ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას დაკითხვის შემდეგ გამომძიებელმა ბექა კვიციანმა განაცხადა, რომ არაერთი დამატებითი კითხვის მიუხედავად, გამოძიებამ პასუხები ვერ მიიღო.

„საქმისთვის მინიჭებული გრიფის გამო კითხვებსა და მათ შინაარსზე ვერაფერს მოგახსენებთ. უამრავი კითხვა ჰქონდა გამოძიებას გიგა ბოკერიას მიმართ, თუმცა, სამწუხაროდ, მისგან კონკრეტული პასუხები ვერ მივიღეთ, რადგან მან ზოგადი ფრაზებით ისაუბრა“, - განაცხადა კვიციანმა.

გამომძიებელმა, ასევე, განმარტა, რომ რადგან ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე გიგა ბოკერია ერთხელ უკვე იყო გამოკითხული, მას გამოძიებამ ახალი კითხვები დაუსვა, რადგან დამატებითი დაკითხვისას ძველი გამოკითხვის დროს დასმული შეკითხვები არ მეორდება.

სისხლის სამართლის საქმე 2010-2013 წლებში უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე გიგა ბოკერიას საქმიანობას უკავშირდება.

უშიშროების საბჭოს მიერ „დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე“ გიგა ბოკერია პროკურატურას მოწმის სტატუსით 2014 წლის აპრილშიც ჰყავდა დაბარებული.

„საქმე ეხება გიგა ბოკერიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად (აპარატის ხელმძღვანელი) მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს“, - წერდა პროკურატურა 2014 წლის 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრის რანგში, 2013 წელს, ბიძინა ივანიშვილი გიგა ბოკერიას ლობისტებისთვის თანხის გადაცემაში ადანაშაულებდა.