საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ არ უნდა ბოლო ვადის ამოწურვამდე ისაუბროს იმაზე, რას გააკეთებს სამთავრობო გუნდი იმ შემთხვევაში, თუ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დადგენილ ვადებში არ წარადგენს პორტის დაფინანსების გარანტიებს.
„მე არ მინდა მოვლენებს გავასწრო, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად რამდენიმე დღეა დარჩენილი ინვესტორის დედლაინის ამოწურვამდე, მაინც არ მინდა ნაადრევად ვისაუბრო. დავაცადოთ, ეს ფორმალური დედლაინი დადგეს, შემდეგ, რა თქმა უნდა, სამთავრობო გუნდი შევიკრიბებით და ვნახავთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ყოვლად აუცილებელი პროექტი ბოლოს და ბოლოს განხორციელდეს. ეს პროექტი დაგვიანდა, ინვესტორის მოთხოვნით, 2017 წლიდან ხდება ვადების გადავადება. პირვანდელი ვადით, მომავალ წელს უკვე პირველი ეტაპი უნდა ყოფილიყო მწყობრში და ღრმაწყლოვანი პორტი გვექნებოდა. სამწუხაროდ ასე არ მოხდა“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ანაკლიის პორტი სტრატეგიული და პრიორიტეტული პროექტია და მისი დროულად აშენება ძალიან წაადგებოდა ქვეყანას პორტებში რეკორდულად გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“400 მლნ დოლარის ინვესტიციების მოზიდვისა და საკუთარი კაპიტალის შევსების ვადა 31 დეკემბერს ეწურება.