პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მაქსიმალურ ყურადღებას მიაქცევენ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერთან, გიგა ბოკერიასთან დაკავშირებულ გამოძიებას.
„გიგა ბოკერია არის პარლამენტის წევრი, ის არის ოპოზიციის წარმომადგენელი. ამიტომ მე, როგორც თავმჯდომარე აუცილებლად დავინტერესდები ამ საკითხით და პარლამენტი მაქსიმალურ ყურადღებას მიაქცევს მასთან დაკავშირებულ გამოძიებას“, - უთხრა დღეს, 16 დეკემბერს ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ სასტუმრო "ბილტმორში", სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დიასპორის პოლიტიკის საპარლამენტო კავშირის კონფერენცია მიმდინარეობს.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ როცა შეკითხვები არსებობს, მათ ნებისმიერი სხვა მოქალაქის მსგავსად, დეპუტატმაც უნდა უპასუხოს: „შესაბამისად, მე ამას პოლიტიკურ დევნად ნამდვილად ვერ ჩავთვლი“.
მედიის შეკითხვას, პროკურატურაში ბოკერიას მხოლოდ დღეს დაბარება, არის თუ არა პოლიტიკური დევნა, თალაკვაძემ უპასუხა: "პოლიტიკურ დევნაზე საუბარი, როდესაც 7-8 წელია ადამიანი ოპოზიციაშია და ერთ-ერთი მთავარი ოპონენტია ხელისუფლების და ხშირად ირჩევს ყველაზე, შეიძლება ითქვას, აგრესიულ ფორმებს მისი პარტია ოპონირების, 7-8 წლის განმავლობაში დევნაზე ვერ ვისაუბრებთ. რეალურად, თუ პოლიტიკური დევნა იყო და თუ ვინმეს სურდა მისი დაპატიმრება პოლიტიკური ნიშნით, ამას წინა ხელისუფლება აუცილებლად გააკეთებდა და რვა წელი და შვიდი წელი არ დასჭირდებოდა. შესაბამისად, როდესაც არსებობს კითხვები და ეს კითხვები ეხება სერიოზულ საკითხებს, ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს ნებისმიერმა მოქალაქემ და მით უმეტეს, პარლამენტის წევრმა“.
15 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ გიგა ბოკერია გამოსაკითხად დაიბარეს გენერალურ პროკურიატურაში, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტს იძიებს.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებას შეკითხვები აქვს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე გიგა ბოკერიას ყოფნის პერიოდში დადებული ხელშეკრულებების მიმართ. გენერალური პროკურატურის ცნობითვე, გიგა ბოკერიამ პროკურატურაში გამოცხადებაზე უარი თქვა და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის უფლებით სარგებლობის სურვილი გამოთქვა, ამიტომ საგამოძიებო უწყება სასამართლის შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს.
გიგა ბოკერიამ პროკურატურაში მისი დაბარება შეაფასა საპროტესტო აქციების ჩახშობის კიდევ ერთ მცდელობად. ბოკერიას განცხადებით, ეს არის ძველი საქმე, რომელზეც ხუთი წელია აღარავის შეუწუხებია და მხოლოდ მოცემულ პოლიტიკურ მომენტში გაახსენდათ: "ჩვენ გვახსოვს, რომ ახლა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა თავის ინტერვიუში, როცა დაანონსა დაჭერები. არ ვიცი, რამდენად შორს წავლენ, მაგრამ ლოგიკურია, ეს ამას ჰგავს. ერთი ან ორი პერსონის საკითხი ხომ არ არის, ზოგადად არის ეს კლიმატი აგონიის, ამ სამარცხვინო ლიდერის და კლოუნების, რომ ამ მეთოდებით ცდილობენ საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას".
ბოკერია ხაზს უსვამს, რომ ბრალი აქვთ წაყენებული უგულავას, მელიას და სხვა პოლიტიკურ ლიდერებს და უამრავი გამოძიებაა დაწყებული: "ეს მიაჩნიათ თავის გადარჩენის გზად. ღრმად ცდება, ცალკეული პერსონების გამოთიშვა არაფერს არ ცვლის. ივანიშვილს აქვს ერთადერთი გამოსავალი, ან გადადგას ნაბიჯები განმუხტვისკენ და უკან წაიღოს შეურაცხყოფა, რაც საზოგადოებას მიაყენა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ან გააგრძელოს ეს უტიფრობა, თუნდაც სხვადასხვა დაკითხვაზე დაბარებით, თუ დევნით და ცუდად დაამთავროს ძალიან მისთვის“.