„ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ბურჯანაძე განმარტავს, რატომ არ გამართლდა მისი განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების თარიღის შესახებ.
„მე შემიძლია კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ყველა შეხვედრაზე, რომელიც მე მქონდა მოსკოვში, რუსმა პოლიტიკოსებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ხელი შეეწყოთ ვაჟა გაფრინდაშვილის სწრაფად გათავისუფლებისთვის. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ორი დღის უკან ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბატონმა რუდენკომ. სასამართლო პროცესის ნაადრევად, პარასკევს დანიშვნამ, მე გამიჩინა მოლოდინი, რომ განთავისუფლების პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდებოდა. როგორც ჩანს, წარმოიშვა დამატებითი პრობლემა პროცესზე, რომლის გათვალისწინებაც მე არ შემეძლო. მე გავაგრძელებ ძალისხმევას, კიდევ დამატებით შევუწყო ხელი ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებას“, - ნათქვამია ბურჯანაძის განცხადებაში.
ნინო ბურჯანაძემ 9 დეკემბერს „პალიტრანიუსის“ ეთერში თქვა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი პარასკევს, 13 დეკემბერს თავისუფალი იქნებოდა.
„ე.ი. ყველაზე გვიან, პარასკევს, ბატონი ვაჟა იქნება სახლში, შეიძლება მანამდე გათავისუფლდეს, თუ არადა ყველაზე გვიან, პარასკევს ის იქნება სახლში. მე ვარ 100%-ით დარწმუნებული იმაში, რომ სასამართლო პროცესზე მას გაათავისუფლებენ. თუმცა მეც და ყველა ადამიანს გვერჩია, რომ დღეს ის უკვე სახლში ყოფილიყო”, - ამბობდა ბურჯანაძე.
13 დეკემბერს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომა 20 დეკემბერისთვის გადაიდო. ექიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორთვიან წინასწარ პატიმრობაში რჩება.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორის რაიონში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.