გიგი უგულავას შეუფარდეს 2000 ლარი გირაო, პასპორტის და ID ბარათის ჩამორთმევა

„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის გიგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ იმსჯელა თბილისის საქალაქო სასამართლომ.

როგორც პროკურორი ამბობს, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა (სასამართლო თანხის რაოდენობის ნაწილში პროკურორს არ დაეთანხმა) გარდა ამისა, უგულავას, როგორც პროკურორი აღნიშნავს, მიმალვის საფრთხეებიდან გამომდინარე დაავალა, რომ საგამოძიებო ორგანოს ჩააბაროს პასპორტი და ID ბარათი.

„საფრთხეები ეფუძნება, ერთი მხრივ, იმას, რომ თუნდაც დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადდა ბრალდებული, მინიმუმ ადვოკატს მაინც შეეძლო მოსვლა. ამასთან, წინა საქმეებში არის აღნიშნული, რომ ბრალდებული შეეცადა მიმალვას და ამიტომ პატიმრობის ღონისძიება იყო გამოყენებული“, - აღნიშნავს ბრალმდებელი.

პროკურორი არსებული მტკიცებულებების შესახებაც მიუთითებს. ესენია: ადგილზე მყოფი მოწმის ჩვენებები; დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საექსპერტო დოკუმენტაცია; დაზარალებულის დაზიანებული სვიტერი.

სხდომას გიგი უგულავა და მისი ადვოკატი არ ესწრებოდნენ, ამიტომ მის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავდა. უგულავა სასამართლო პროცესს ფარსს უწოდებს.

უგულავას საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 იანვარს დაინიშნა.

გიგი უგულავას 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ინციდენტის გამო ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით აქვს წარდგენილი.

უგულავასთან ერთად მყოფი თბილისის საკრებულოს წევრი გოკა გაბაშვილი დაზარალებულად ცნეს.

თბილისის ყოფილი მერის თქმით, მას და გოკა გაბაშვილს ორი პირი აეროპორტის ყველაზე დაცულ ზონაში, კონტროლს მიღმა დაესხა თავს.

„მოვიდა ვიღაც მუტრუკი, რომელმაც დაიწყო საუბარი ტექსტით, რასაც ყოველდღე ვისმენთ ამათი [„ქართული ოცნების“] „ორკებისგან“ და „ტიტუშკებისგან“. ვუთხარი, რომ დაგვანებე თავი. ამასობაში მეორე მოვიდა, კუნთიანი და დაიწყო ჩხუბი. შემდეგ პოლიცია მოვიდა, წაიყვანა ისინი", - თქვა გამოკითხვის შემდეგ გიგი უგულავამ.

უგულავა ამბობს, რომ ლარნაკაში მიდიოდა ივანიშვილის რუსეთში საქმიანობის შესახებ მასალების გასაცნობად.