"თავისუფლება ვაჟას" - გაეროს ოფისთან გაიმართა დაკავებული ექიმის მხარდამჭერი აქცია

„თავისუფლება ვაჟას“ - ამ შეძახილითა და გზავნილით შეიკრიბნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები, კოლეგები და მხარდამჭერები თბილისში, გაეროს ოფისთან.

პარალელურად, ჟენევაში, გაეროს ოფისთან შეიკრიბებიან ექიმის გულშემატკივრები, რომლებიც სოლიდარობას გამოხატავენ და მოითხოვენ ერთი თვის წინ დაკავებული ექიმის გათავისუფლებას:

„დღეს, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც დაარსდა 1948 წელს და მას შემდეგ, კაცობრიობა ელის, რომ მსოფლიოში, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის მხრივ სიტუაცია გაუმჯობესდება. თუმცა, დღეს, სამწუხაროდ, ვაჟა, თავის ქვეყანაში, სწორედ ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლია და ციხეშია გამომწყვდეული. და არა მხოლოდ ის - არარსებული საზღვრის კვეთის ბრალდებით, პერიოდულად აკავებენ ჩვენს თანამოქალაქეებს. ჩვენ ყველას ვუცხადებთ სოლიდარობას და ვფიქრობთ, რომ 21-ე საუკუნეში მსგავსი აბსურდი აღარ უნდა ხდებოდეს“, - თქვა ვაჟა გაფრინდაშვილის ცოლმა, თამილა ლაფანაშვილმა, თბილისში, გაეროს ოფისთან გამართულ აქციაზე.

10 დეკემბერს ჟენევაში იწყება საერთაშორისო დისკუსიების 50-ე რაუნდი. საქართველოს ხელისუფლების, რუსეთის და მის მიერ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების წარმომადგენელთა შეხვედრას თანათავმჯდომარეობას უწევენ ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები.

იმ საკითხებს შორის, რომლებსაც თბილისის დელეგაცია დააყენებს, არის მოქალაქეთა უკანონოდ დაკავება, ე.წ. საზღვრის გავლების გაგრძელება, ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვრის დაკეტვით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისი და ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს მოქალაქეთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოუძიებლობა.

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისგან, ამჯერად, ჟენევაში მოითხოვს უკანონო პატიმრობიდან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ერთი თვის განმავლობაში, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, ოჯახმა ვაჟა გაფრინდაშვილისგან მიიღო მხოლოდ ორი წერილი - პირველი 18 და მეორე 28 ნოემბერს და ერთხელ ამანათი გაუგზავნა. ოჯახი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზით“ პერიოდულად იღებს ინფორმაციას, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.