რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გრიგორი კარასინმა თბილისში რუსეთის კულტურის ცენტრის გახსნა დააანონსა. საქართველოში მიაჩნიათ, რომ რუსეთი სინამდვილეში თავისი აგენტების ქსელს აფართოებს და ხელისუფლებამ კულტურის ცენტრის გახსნა არ უნდა დაუშვას.
თბილისში გაიხსნება რუსული ენისა და კულტურის ცენტრი - ამ სათაურით მასალა გამოაქვეყნა რუსეთის სახელმწიფო მედიამ RIA, 28 ნოემბერს. პრაღაში, ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების შემდეგ, გრიგორი კარასინზე დაყრდნობით RIA წერს, რომ ცენტრი დეკემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანში 1993 წლიდან მოქმედებს რუსული კულტურის ცენტრი, რომელიც აზერბაიჯანის რუსულმა საზოგადოებამ დააფუძნა. მისი მიზნები და ამოცანებია:
- რუსული კულტურის პროპაგანდა;
- რუსული ენის და ეროვნული ტრადიციების შენახვა და განვითარება;
- ტრანსნაციონალური ურთიერთობების გამყარება;
- რუსული და აზერბაიჯანული კულტურების ურთიერთგამდიდრება.
2009 წლიდან მოქმედებს რუსული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი საქართველოს მეზობელ სომხეთშიც და რუსეთის ფედერაციის საელჩოს ეგიდის ქვეშ მოქმედებს. ის განაგებს საკონფერენციო დარბაზს, კინოდარბაზს, ბიბლიოთეკასა და სამკითხველო დარბაზს, ატარებს რუსული ენის კურსებს ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის.
რუსული კულტურის ცენტრის საქართველოში გახსნასა და მოსალოდნელ საფრთხეებზე 9 დეკემბერს თბილისში კონფერენცია გაიმართა მოქალაქეების, პოლიტიკოსების, არტისტებისა და ექსპერტების მონაწილეობით. ღონისძიების ორგანიზატორების შეფასებით, რუსეთის კულტურის ცენტრი თბილისში ახალი საოკუპაციო ბაზაა და რუსეთის აგენტურის მასშტაბის გაზრდას ემსახურება.
ღონისძიების ორგანიზატორებმა მანიფესტიც შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც ისინი რუსული კულტურის ცენტრს განიხილავენ, როგორც ახალ საოკუპაციო და იდეოლოგიურ ბაზას საქართველოს ტერიტორიაზე, რომლის საეჭვო საქმიანობა და შელახული საერთაშორისო რეპუტაცია ტოტალურ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სახელმწიფოებრივ და ეროვნულ ინტერესებთან.
„რუსეთის კულტურის ცენტრის გახსნა არის არა მხოლოდ საზიანო ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, არამედ შეურაცხმყოფელიც საქართველოს ტერიტორიათა ოკუპაციის, ასევე, უკანონო მცოცავი ბორდერიზაციის ფონზე“, - წერია მანიფესტში, რომლითაც ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაუშვას ცენტრის დაფუძნება საქართველოში.
მწერალი ლაშა ბუღაძე მიიჩნევს, რომ გრიგორი კარასინის განცხადებაზე ქართულმა საზოგადოებამ რეაქციის სწორი ფორმა უნდა შეარჩიოს. მისი აზრით, ყველაზე სწორი იქნებოდა ირონია:
„მე, მაგალითად, რაღაც პერფორმანსს მოვიფიქრებდი, როდესაც მე დავიცავდი ნამდვილ რუსულ კულტურას სწორედ პუტინიზმისგან და კრემლისგან. შოსტაკოვიჩს მოვუსმენდი სწორედ იმის საჩვენებლად, რომ კარასინი არ არის რუსული კულტურა“.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გია ბარამიძე რუსული კულტურის ცენტრს საბჭოთა კავშირის „მშვიდობის ფონდებს“ ადარებს, რომლებშიც, მისი თქმით, საბჭოთა კგბ-ს სპეცსამსახურები მუშაობდნენ.
„თანამედროვე სამყაროში“ კულტურის ცენტრების საჭიროებას ვერ ხედავს გიგი უგულავა. „დოსტოევსკის წასაკითხად მოქალაქეს კულტურის ცენტრები არ სჭირდება“, - ამბობს ის და აგრძელებს, რომ კულტურის ცენტრები ჯაშუშურ საქმიანობას ეწევიან.
ფილოსოფოსი გიგი თევზაძე განმარტავს, რომ პრობლემა არ არის მარტო რუსეთი და მისი კულტური ცენტრი. მისი თქმით, მთავარი პრობლემა ქართულ საზოგადოებასა და ქართულ განათლების სისტემაშია:
„რატომ შეგვეშინდა ყველას რუსეთის კულტურის ცენტრის გახსნა? - ყველამ ვიგრძენით, რომ რაღაც ცუდი ხდება, მიუღებელი. ინტუიციურად ყველამ ვიცით, რომ რუსეთი აქ [საქართველოში] ძალიან ბევრია. ასეთი ცენტრი ნახავდა ძალიან ბევრ გავლენის აგენტს საქართველოში. რუსეთი ჯერ კიდევ ჩვენშია, რაც ძალიან დიდი პრობლემაა - სასურსათო ბოიკოტი არ გამოვიდა; აკადემიურ სისტემაში ადამიანმა შეიძლება მიაღწიოს იერარქიის უმაღლეს საფეხურს ისე, რომ მისი ერთადერთი უცხო ენა რუსული იყოს; უმეტესობა ჩვენგანისა დასავლეთის კულტურებს ეზიარება რუსული თარგმანებით; იგივე, ფილმების რუსული თარგმანები, რომლებიც ყველა მხრიდან გვიტევენ და ა.შ.“
საქართველოს ხელისუფლების და პრაღის მოლაპარაკებებში მონაწილე ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსული კულტურისა და ენის ცენტრის შექმნის საკითხი სახელისუფლებო დონეზე არსად განხილულა.
აბაშიძის თქმით, პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე კარასინის მხრიდან გაკეთდა კომენტარი, რომ საქართველოში იგეგმებოდა მსგავსი ცენტრის გახსნა. ზურაბ აბაშიძის თქმით, მან მაშინვე უპასუხა, რომ ინფორმაციას თბილისში დაბრუნებისას გაეცნობოდა.
ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ინფორმაცია გადაამოწმა და არც სახელმწიფო დონეზე და არც კერძო კომპანიის მიერ საქართველოში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის გახსნა არ იგეგმება.
მწერალი ლაშა ბუღაძე ამბობს, რომ ქართული საზოგადოება თავისი კულტურით უნდა ზემოქმედებდეს რუსულ საზოგადოებაზე.
„თუკი რუსულ კულტურას აქვს ქართულზე გავლენა, ქართულ კულტურასაც ყოველთვის ჰქონდა რუსულზე გავლენა. ჩვენ გვგონია, რომ კულტურა არ არის ბერკეტი. ჩვენ გვქონდა ამის შესაძლებლობა ფრანკფურტში, როდესაც კულტურის პლატფორმამ მნიშვნელოვანი ბიძგი პოპულარიზაციისა საქართველოს მისცა და ასეთი რამ შეიძლება რუსეთთან მიმართებაში გამოიყენო“, - ამბობს ბუღაძე და აგრძელებს: „ჩვენ სულ ვლაპარაკობთ იმაზე, როგორ ზემოქმედებს კრემლი ჩვენზე. ჩვენ როგორ ვიმოქმედებთ, ამაზეც კარგი იქნებოდა, რომ გვემსჯელა“.