უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყველა კანდიდატის მხარდაჭერას არ აპირებს

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოცივე კანდიდატი არცერთ შემთხვევაში არ დამტკიცდება.

11 დეკემბერს, 9:30 საათზე დანიშნულია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომლის დღის წესრიგში ერთადერთი საკითხია: „2019 წლის 6 სექტემბერს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა“.

„საკომიტეტო სხდომა შედგება, ამის შემდეგ უკვე პლენარულ ფორმატში განვიხილავთ მოსამართლეების საკითხს და უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება სასამართლო სისტემის სათანადო განვითარებას. ეს არის ჩვენი პოზიცია“, - უთხრა დღეს, 9 დეკემბერს, მედიას ირაკლი კობახიძემ სასტუმრო „ბილტმორში“, სადაც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა მიმდინარეობს.

„სურათი არის ისე ჩამოყალიბებული, რომ ოცივე კანდიდატი არცერთ შემთხვევაში არ დამტკიცდება. რამდენი იქნება და ვინ იქნება, ეს გაირკვევა უკვე ოთხშაბათს“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებას, რომ მოსამართლეების დამტკიცებას არ დაუშვებენ, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს არის „კიდევ ერთი დაპირება დესტრუქციასთან დაკავშირებით“.

„მუდმივად დესტრუქციაშია დარჩენილი ოპოზიცია. ამით რას მიაღწევენ, არ ვიცი. ვერაფერსაც ვერ მიაღწევენ რეალურად. ჩვენ ვართ კონსტრუქციულ რეჟიმში და ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ ინსტიტუტები განვითარდეს ამ ქვეყანაში და თქვენ იცით, 2012 წლის შემდეგ რამხელა პროგრესს მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით, მათ შორის, სასამართლოს ნაწილში. ეს არის ჩვენი დღის წესრიგი, ოპოზიციას აქვს თავისი დესტრუქციული დღის წესრიგი და დარჩნენ ამაში“, - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

11 დეკემბერს, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან საპროტესტო აქციას გეგმავენ და მოითხოვენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დასანიშნი არცერთი კანდიდატი პარლამენტმა არ დაამტკიცოს.