პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი „ენერგოტრანსის“ დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.
ამ საკითხთან დაკავშირებით რადიო თავისუფლება ზარდიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ საჯარო პირი აღარაა და ჟურნალისტებთან საუბრის ვალდებულება არ აქვს:
„არ გაქვს უფლება დამირეკო. როგორც კერძო საკუთრებაზეა, რომ არ გაქვს უფლება შეხვიდე, ასევე, პირადი სივრცის დარღვევაა“.
„ენერგოტრანსი“ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დაახლოებით 290 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზებს ფლობს.
„ენერგოტრანსის“ 100% წილის მფლობელია “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“. სწორედ აქ დაუდასტურეს რადიო თავისუფლებას ზარდიაშვილის დანიშვნა.
სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორია და მისი აქციების სრულ პაკეტს ფლობს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი - „საპარტნიორო ფონდი“. ამასთან, ორგანიზაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მართავს.
37 წლის ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტი - რომელშიც „ქართული ოცნების“ პარტიული სიით მოხვდა - მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს დატოვა.
პარლამენტის ვებსაიტის თანახმად, ვანო ზარდიაშვილს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სპეციალობით ის სამართალმცოდნეა. დეპუტატობამდე ის იყო:
- სახელმწიფო სამსახურის გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე (2013 - 2016)
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი (2013)
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (2012 - 2013)
- თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის უფროსი (2010 - 2012)
- თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის უფროსის მოადგილე (2007 - 2010)
- თბილისის მერიის საერთო განყოფილების უფროსი (2007)
- საქართველოს გენერალური პროკურორის მრჩეველი (2004 - 2006)