დიმიტრი ხუნდაძე ხალხში გასვლას და 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას იწყებს 

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის დღევანდელი შეხვედრა სხვა შეხვედრებისგან განსხვავებული აღმოჩნდა, ვინაიდან დაძაბულობის გარეშე წარიმართა და მის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით, შეკითხვების დასმის შესაძლებლობა იყო.

„კითხვებზე ამომწურავი პასუხი ვერ მივიღეთ, ჩვენ ვთვლით, რომ, მიუხედავად იმისა, რომ შევთანხმდით, რომ ჩვენ 2020 წელს არ ვეხებით საარჩევნო სისტემას და ის რჩება შერეული სახით ანუ მაჟორიტარულ-პროპორციული, ჩვენ საკითხს ვაყენებთ, რომ შემდგომი პროპორციული სისტემა და ჩანაწერები საკონსტიტუციო, იძლევა საშუალებას და საფუძველს იმის, რომ დესტრუქციულმა ძალებმა გააგრძელონ ქუჩაში, მათთვის უკვე ჩვეული და ყოველდღიურობად ქცეული დესტრუქციული ქმედებები“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

ის არ აკონკრეტებს, ვისგან ვერ მიიღო პასუხები საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებული ინიციატივის თაობაზე, თუმცა, მისი სიტყვებით, ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა წინააღმდეგია, რომ დიმიტრი ხუნდაძის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებას შემდგომი მსვლელობა მიეცეს.

„მე ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა არ იყო საკმარისი, უნდა შედგეს კიდევ ერთი შეხვედრა, თუმცა ამაზე მე დადებითი პასუხი ვერ მივიღე. ვერ მივიღე დადებითი პასუხი კითხვაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პროცესს, გავალთ ხალხში, გავაცნობთ ჩვენს კანონპროექტს. ჩვენ ვიცავთ ყველა პროცედურის საკითხს, ჩვენ ვიცავთ ასევე შიდაგუნდურ წესებს“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

მისი თქმით, როგორც დეპუტატს, აქვს უფლება, გავიდეს ხალხში და შეაგროვოს 200 ათასი ხელმოწერა და „გაიტანოს სამსჯელოზე“ ის კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს ორპალატიან სისტემას, ე.წ. ამერიკულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, რაც, მისი სიტყვებით, „სტაბილურობის გარანტი“ იქნება.

დიმიტრი ხუნდაძე შეცდომად აფასებს, რომ 2024 წელს ქვეყანა „ნაჩქარევად გადადის პროპორციულ სისტემაზე“.

„სანამ ეს შეცდომა რეალურ ნეგატიურ შედეგებს მოიტანს, ჯობია, ეს შეცდომა გამოვასწოროთ ჩვენ, თუ შეცდომის გამოსწორებაში გუნდის წევრები არ აგვყვებიან, შეცდომის გამოსწორებას ვეცდებით თანამოაზრეები“, - ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.

მისი განცხადებით, მისი მხარდამჭერების რაოდენობა პარლამენტში უკვე 30-ს აჭარბებს, ისინი შეკრებასა და გეგმებზე შეთანხმებას აპირებენ. მისი თქმით, ეს გუნდი გავა ხალხში 200 ათასი ხელმოწერის შესაგროვებლად და ასევე დაიწყებენ მაჟორიტარული სისტემის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კამპანიას. მისი სიტყვებით, ის არ აპირებს გუნდიდან გასვლას, მაგრამ აპირებს ხალხში გასვლას.

დიმიტრი ხუნდაძემ 4 დეკემბერს დაარეგისტრირა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს.

დიმიტრი ხუნდაძე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის დარეგისტრირებას გეგმავს, რომელიც, მისი თქმით, ამერიკულ საარჩევნო სისტემასა და ორპალატიან პარლამენტს ითვალისწინებს.

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის წარდგენის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს (76 დეპუტატი) ან არანაკლებ 200 000 ამომრჩეველს.