საპარლამენტო კომიტეტმა უარი თქვა სასამართლოებში "კლანური მმართველობის" შეფასებაზე

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა დადგენილების პროექტს „საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე“. პროექტი პარლამენტს ჯერ კიდევ 4 ივნისს წარუდგინა დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 5 დეკემბერს გამართულ სხდომაზე დადგენილების პროექტი მომხსენებლის სტატუსით წარადგინა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

პროექტის თანახმად: „აღიარებულ იქნას სასამართლოში არსებული სისტემური პრობლემა კლანური მმართველობის სახით; შეიქმნას სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელი კომისია, რომლის შემადგენლობაში შევლენ, როგორც საპარლამენტო, ასევე, არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები. კომისიამ 2020 წლის პირველ თებერვლამდე უნდა შეისწავლოს სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა, განსაკუთრებით, კლანური მმართველობის კუთხით და წარმოადგინოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების გეგმა, ასევე, საკანონმდებლო წინადადებები კლანური მმართველობის და მისი ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის მიზნით; 2020 წლის 20 აპრილამდე პარლამენტმა საკანონმდებლო ღონისძიებები სასამართლოში არსებული კლანური მმართველობის დასრულების მიზნით მიიღოს“.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით, დადგენილების პროექტი პოლიტიკური ხასიათისაა: „ჩვენ ვერ მოვისმინეთ რაიმე სახის იურიდიული, მყარი არგუმენტაცია. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი არ არიან შეერთებულნი ამ პროექტს. ამ პროექტს არასამთავრობო ორგანიზაციების ძალიან ბევრი წარმომადგენელი მხარს არ უჭერს. წინაააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კომიტეტზე იქნებოდნენ წარმოდგენილი.“

კომიტეტის სხდომის შემდეგ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მოსამართლეთა მცირე ჯგუფი, რომელიც კლანად ჩამოყალიბდა წინა რეჟიმის დროს იმ ხელისუფლების დავალებებს ასრულებდა, დღეს კი ამ ხელისუფლების.

„მას გავლენა აქვს უკვე პარლამენტშიც და ამ გავლენის საშუალებით დღემდე ახდენენ საკუთარი ინტერესების რეალიზებას“, - უთხრა ჟურნალისტებს ბესელიამ. მისი ინფორმაციით, დადგენილების პროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაინც წარადგენს და ამ საკითხზე მწვავე დებატებს ელოდება.