„საარჩევნო სისტემის თემა კიდევ რჩება აქტუალურ თემად. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში, თანამოაზრეებთან ერთად უმრავლესობაში შევთანხმდით“, - ამბობს დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.
როგორც დეპუტატი განმარტავს, მისი პროექტი კომპრომისული ვარიანტია, რადგან ცვლილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს არ უკავშირდება.
დიმიტრი ხუნდაძე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის დარეგისტრირებას ეცდება, რომელიც მისი თქმით, ამერიკულ საარჩევნო სისტემასა და ორპალატიან პარლამენტს ითვალისწინებს.
საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის წარდგენის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს (76 დეპუტატი) ან არანაკლებ 200 000 ამომრჩეველს.
ხუნდაძემ 4 დეკემბერს დაარეგისტრირა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს.
„მე მაქვს იმედი, უმეტესობა საზოგადოებისა შეხვდება ამას პოზიტიურად და მერე ვნახოთ, რომელი პარლამენტარი არ დაუჭერს მხარს საზოგადოების ასეთ მაღალ ხარისხში მოთხოვნას. დღეს ამასთან დაკავშირებით გვქონდა უმრავლესობაში შეხვედრა“, - ამბობს დეპუტატი.
როგორც „ქართული ოცნების“ წევრი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის მმართველ რგოლში საკონსტიტუციო ცვლილების თემაზე აზრთა სხვადასხვაობაა, ის საკუთარ პოზიციას არ შეცვლის. მისი ინფორმაციით, დღეს ამ პროექტს 10 დეპუტატი უჭერს მხარს.
„სამწუხაროდ, შეხვედრაზე იყო დაძაბულობაც. ვერ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს კანონპროექტი უნდა იყოს ინიცირებული და განხილული, მაგრამ ჩვენ ჩვენს პრინციპს და პრინციპულ დამოკიდებულებას არ ვცვლით და გავალთ ხალხში“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას და სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად დათანხმდა; მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა აქტივისტების ერთ-ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობა პირადად დადო.
პარლამენტში „ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის ხელმომწერთა შორის დიმიტრი ხუნდაძეც იყო, 14 ნოემბერს წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ ჩავარდა. მმართველი პარტიის მაჟორიტარმა დეპუტატებმა ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს, მათ შორის იყო დიმიტრი ხუნდაძე.