რადიო თავისუფლების ჟურნალისტს გოგა აფციაურს ჰოლანდიის ელჩმა ჯილდო გადასცა

ჰოლანდიის ელჩი საქართველოში მააიკე ვან კოლდამი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი გოგა აფციაური

საქართველოში ნიდერლანდის სამეფოს საელჩომ კონკურსში „ადამიანის უფლებათა ტიტა 2019“-ის გამარჯვებულები გამოავლინა. გამარჯვებულებს ჯილდოები საქართველოში ჰოლანდიის ელჩმა მააიკე ვან კოლდამმა გადასცა.

მეორე ადგილზე გავიდა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი გოგა აფციაური. მას გარკვეული მიზნებისთვის განკუთვნილი ფულადი ჯილდო და ჰოლანდიაში გამგზავრება ერგო.

კონკურსში პირველი ადგილი „გურჯაანის ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ჯილდა ხარიტონაშვილმა აიღო, რომელსაც გადაეცა „ადამიანის უფლებათა ტიტა - 2019“.

ერთ-ერთი გამარჯვებულია მარნეულის სოფელ ხიხანის სათემო სახლის წარმომადგენელი ნანა გაბაიძე.

„ადამიანის უფლებათა ტიტა 2019“-ის დაჯილდოება საქართველოში მეორედ ჩატარდა.

საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ნომინანტები ჰოლანდიის საელჩოში წარადგინეს. მას შემდეგ, რაც დაწინაურებული ჯგუფი გამოიკვეთა, სია ჰოლანდიიდან საქართველოში გამოაგზავნეს. გამარჯვებულების შესახებ გადაწყვეტილება კვლავ საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს.

ნიდერლანდის სამეფოს საელჩოები ანალოგიურ ღონისძიებებს სხვადასხვა ქვეყნებში ატარებენ.