მოსკოვმა განაცხადა, რომ საპასუხო ზომებს განახორციელებს გერმანიის გადაწყვეტილების გამო, ქვეყანა დაატოვებინოს რუსეთის ორ დიპლომატს.
როგორც ოთხშაბათს გახდა ცნობილი, გერმანიამ ბერლინში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი არასასურველ პირებად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით.
ხანგოშვილი 23 აგვისტოს მოკლა მამაკაცმა, რომელმაც მიმალვა სცადა, მაგრამ ის ინციდენტის შემდეგ მალევე დააკავა გერმანიის პოლიციამ.
გერმანიის ფედერალური პროკურატურის ცნობით, ბოროტმოქმედებასთან კავშირი აქვს რუსეთის ხელისუფლებას. გფრ-ის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააზუსტა, რომ ახალ ზომებს მიიღებს, თუკი მოსკოვი არ ითანამშრომლებს მკვლელობის გამოძიებაში.
როგორც ჟურნალი Spiegel-ი იტყობინება დღეს, გაძევებული პირები არიან რუსეთის დაზვერვის თანამშრომლები, რომლებიც დიპლომატებად იყვნენ შენიღბულნი.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, გერმანიის მიერ მისი ორი დიპლომატის გაძევება არის გამოძიებისადმი „პოლიტიზებული მიდგომა“ და რუსეთი იძულებული იქნება, „განახორციელოს საპასუხო ზომების კომპლექსი“.
მსგავსი რეაქცია ჰქონდათ რუსეთის სახელმწიფო დუმაში. დუმის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ სლუცკიმ „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ გერმანიიდან რუსეთის ორი დიპლომატის გაძევება „რუსოფობიური ისტერიის აქტი“ და „არამეგობრული ნაბიჯია“.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა არაერთხელ უარყო „ოფიციალური რუსეთის“ კავშირი ხანგოშვილის მკვლელობასთან.