არჩილ თალაკვაძე: ამერიკელების შეფასებებს ვიღებთ, როგორც მეგობრების მოსაზრებას

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

ჟურნალისტებმა თალაკვაძეს ჰკითხეს აზრი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტ დენიელ ტვაინინგის ინტერვიუზე, რომელშიც ის საუბრობს აშშ-ის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაზე.

„მგონი, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები არის ძალიან ფასეული, ძალიან მტკიცე და რომელიმე ცალკეული ადამიანი ან ცალკეული სუბიექტური ინტერესი ჩრდილს ვერ მიაყენებს და ვერ შეასუსტებს ამ ურთიერთობას. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის გზავნილი და ვფიქრობ, რომ სწორედ ასე უნდა იყოს გაგებული“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტს ამერიკის კონგრესთან აქვს კარგი თანამშრომლობა, კავშირები სენატის წევრებთან და მათ ნებისმიერ შეფასებას საქართველოს ხელისუფლება იღებს, როგორც მეგობრების მოსაზრებას.

„ბატონი ბიძინას განცხადება ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები არის სტრატეგიული, ჩვენ გვაქვს მტკიცე მეგობრობა და ამას ვერავითარი სუბიექტური ინტერესი ვერ დააზიანებს. მან გამოთქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ სუბიექტური ინტერესები, რომლებიც შესაძლოა, რომელიმე ოპოზიციის წევრს ან სხვადასხვა ორგანიზაციას ჰქონდეს, ვერ დააზარალებს საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ ურთიერთობებს“, - უთხრა მედიას პარლამენტის თავმჯდომარემ.

27 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა არ გამორიცხა, რომ საჭირო გახდება აშშ-ის კონგრესისა და პრეზიდენტ ტრამპის გაფრთხილება, რომ ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ: „კიდევ მაქვს, გვაქვს პატარა გეგმები ამ მიმართულებით - დავარწმუნოთ და კარგად ვაჩვენოთ ვაშინგტონს, თუ რა ხდება აქ... თუ არ გამოვიდა ამ ხერხით, მე არ გამოვრიცხავ, რომ საჯაროდ მივმართო, ღია წერილით კონგრესს, თუ გნებავთ - სენატს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას“.