საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ოპოზიციური გაერთიანების წინააღმდეგ დამზადებული ბანერებით ხელში, „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისთან აგრესიულად განწყობილი ჯგუფი იმყოფება. ისინი ოპოზიციის წარმომადგენლებს აგინებენ, შენობას კვერცხებს, პლასტმასის კასრებს, ყავარჯნებსა და ბოთლებს ესვრიან. ამასთან, შენობის ფასადის მინა ჩაამსხვრიეს.
თავდაპირველად პოლიცია პარტიის ოფისთან არ იმყოფებოდა. სამართალდამცავები ადგილზე მოგვიანებით გამოჩნდნენ და შენობის წინ განლაგდნენ.
როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ზუგდიდიდან იტყობინება, აგრესიული ჯგუფის წარმომადგენელის მიერ ოფისის მიმართულებით ნასროლი ყავარჯენი პოლიციელს თავში მოხვდა. ამის შემდეგ პოლიციამ ისინი შენობას და გზის სავალ ნაწილზე გადასვლა აიძულა.
2 დეკემბერს ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა პროპორციული არჩევნების მოთხოვნით რეგიონებში საპროტესტიო აქციების გამართვის შესახებ განაცხადეს. საპასუხოდ, აგრესიულად განწყობილი ჯგუფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან იკრიბება.
ოპოზიციის აქციები რეგიონებში არასასესიო კვირებში გაიმართება. ოპოზიციონერი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრები მოეწყობა ყველა დიდ ქალაქში. მათ შორის, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, თელავში, მარნეულში. პარალელურად, აქციები გაგრძელდება თბილისშიც. ოპოზიციონერი ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავენ თბილისში, 9 დეკემბერს.