კახა კალაძე: სისხლი გვიდუღს, მაგრამ ეს სისხლის დუღილი, ვფიქრობ, სხვა მიმართულებით გამოვიყენოთ

სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ნამდვილად ვერ ვხედავ, - უთხრა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს მიმდინარე პროცესების შეფასებისას.

„პატარა დაპირისპირებები იყო. ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. ეს ენერგია, რაც აქვს ყველა ადამიანს და ახალგაზრდას, მოვახმაროთ ჩვენს უკეთეს მომავალს, ქვეყნის განვითარებას და წინსვლას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი სიტყვებით, ნონსენსია, როდესაც „ქართული ოცნების“ ოფისთან ოპოზიციის აქტივისტები პროტესტს გამოხატავენ და მმართველი პარტიის წევრებს ეკითხებიან, იქ რას აკეთებენ.

„ნონსენსია რასაც მეუბნებით, საუბრობთ იმაზე, „ქართული ოცნების" აქტივისტები რატომ ჩაერთვნენ პროცესში, როდესაც „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მოდიხარ და აპროტესტებ, „ქართული ოცნების" წევრებს ეკითხებით რატომ ხართ აქ, ეს ნორმალური გგონიათ? სირცხვილია და უხერხულია. აგრესიული ფორმაა ის, რაც ვნახეთ, მოსვლა პარტიის ოფისთან, წარწერების გაკეთება ოფისზე და ა.შ. ჩემთვის და ბევრი ჩემი თანაგუნდელისთვის მიუღებელია ეს დაპირისპირება და დესტრუქცია. არ აქვს მნიშვნელობა, ვის რა მოსაზრება აქვს, მინდა ყველას მოვუწოდო სიმშვიდისკენ. ეს ენერგია ქვეყნის განვითარებას მივახმაროთ“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ შეაფასა 2 დეკემბერს მცხეთაში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან მომხდარი ინციდენტიც და თქვა, რომ ის ძალადობას ემიჯნება. მისი შეფასებით, ძალადობის ორგანიზატორი ოპოზიციაა.

„ნამდვილად არ მსიამოვნებს დაპირისპირებები. მგონია, რომ ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად და ამის ორგანიზატორი გახლავთ ოპოზიცია. რატომ უნდა მოგინდეს, მიხვიდე პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან და გააპროტესტო? არ არის ადგილები სხვა კონკრეტულ ლოკაციაზე იმისთვის, რომ გამოთქვა შენი პროტესტი? ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება იმისთვის, რომ მოხდეს დაპირისპირება. მით უმეტეს, კატეგორიულად მიუღებელია ახალგაზრდების ერთმანეთთან დაპირისპირება. ჩვენ ქართველები ვართ, სისხლი გვიდუღს, მაგრამ ეს სისხლის დუღილი, ვფიქრობ, სხვა მიმართულებით გამოვიყენოთ. მოვახმაროთ ქვეყნის განვითარებას, წინსვლას და არა ერთმანეთზე დაპირისპირებას და თავ-პირის მტვრევას“, - აცხადებს კახა კალაძე.

მისი სიტყვებით, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებით „ქართულ ოცნებას“ კანონი არ დაურღვევია, თუმცა „ამომრჩეველს თუ აქვს წყენა, შეუძლია არჩევნებზე ცივილური ფორმით, ბიულეტენის შემოხაზვით დააფიქსიროს თავისი პოზიცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

2 დეკემბერს, თბილისში, პარტია „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილ სამოქალაქო აქტივისტებს მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრების ინფორმაციით, დაშავდა აქციის 5 მონაწილე.

ამავე დღეს, მცხეთაში მომხდარი ინციდენტისას 7 პირი დააკავეს. მათ შორის ოთხი, მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტი, სამი - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. შვიდივე დაკავებული ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

აქტივისტები მცხეთაში, დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან, დემონსტრაციას მართავდნენ. მათ მაჟორიტარის ოფისთან სიმბოლურად 41 ვერცხლის მონეტა მიიტანეს და დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რათა მისთვის ეკითხათ, რატომ მისცა ხმა პროპორციული საარჩევნო სისტემის წინააღმდეგ, რა დროსაც მათ უცნობი პირები დაუპირისპირდნენ.