შსს-მ გამოძება დაიწყო „ქართული ოცნების“ ოფისთან დაპირისპირების ფაქტზე

სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო შსს-მ გამოძიება „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაპირისპირების ფაქტზე.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახა ბუხრაძის თქმით, „ქართული ოცნების" ოფისთან განვითარებული მოვლენებისას პოლიციას არავინ დაუკავებია.

„ქართული ოცნების" ოფისთან იმყოფებოდა სხვადასხვა აზრის მქონე ორი მხარე. ორივე მხარე საკუთარი აზრის გამოხატვას ცდილობდა. მათ შორის მოხდა კონფლიქტი. არავინაა დაკავებული. პოლიცია ადგილზე იცავს საზოგადოებრივ წესრიგს“, - განაცხადა ბუხრაძემ.

„ქართული ოცნების“ ოფისთან სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“, „გაბედეს“ და „შეცვალეს“ წარმომადგენლების აქციას (სახელწოდებით "რამდენს ბედავთ?") პერიოდულად თავს ესხმოდნენ აგრესიულად განწყობილი ჯგუფის წარმომადგენლები.

„სირცხვილიას“ წევრების ინფორმაციით, დაშავებულია აქციის 5 მონაწილე.

აქტივისტებმა მმართველი პარტიის ოფისთან აქციის გამართვა, მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან „გაბედეს" წარმომადგენლები დააკავეს. მათ სიმბოლურად 41 ვერცხლის მონეტა ჰქონდათ მიტანილი და დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რათა მისთვის კითხვა დაესვათ, რატომ მისცა ხმა პროპორციული საარჩევნო სისტემის წინააღმდეგ, რა დროსაც მათ უცნობი პირები დაუპირისპირდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, 7 პირია დაკავებული მცხეთაში ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად.