შსს: მცხეთაში აქციაზე დაპირისპირებისას 7 პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, 7 პირია დაკავებული მცხეთაში ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად.

შსს-ს ცნობით, მათ შორის 4 მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტია, 3 მათგანი კი - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი.

ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული, კანონის 166-ე მუხლის დარღვევისთვის, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია „გაბედეს“ 3 აქტივისტის დაკავების შესახებ.

როგორც „გაბედეს“ ერთ-ერთ წევრი მამუკა ჯუღელი ეუბნება რადიო თავისუფლებას, აქტივისტები დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან დემონსტრაციას მართავდნენ. მათ სიმბოლურად 41 ვერცხლის მონეტა ჰქონდათ მიტანილი და დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რათა მისთვის კითხვა დაესვათ, რატომ მისცა ხმა პროპორციული საარჩევნო სისტემის წინააღმდეგ, რა დროსაც მათ უცნობი პირები დაუპირისპირდნენ.