ზაზა თავაძე უარს ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეობაზე

„უარს ვამბობ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე“, - წერილით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს.

„ბატონო არჩილ, როგორც თქვენთვის ცნობილია, 2019 წლის 22 ნოემბერს მოგმართეთ წერილით (N1-21959/19), რომლითაც მოვითხოვე გარკვეული ვადით გადაგედოთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევის მიზნით ჩემი კანდიდატურის პარლამენტის პლენალური სხდომისთვის წარდგენა. ხსენებულ განცხადებას საზოგადოებაში მოჰყვა არაერთგვაროვანი რეაქციები. მათ შორის გაჩნდა კითხვები, ხომ არ იყო ჩემი ქმედებები საზოგადოებრივ განწყობაზე გავლენის მოხდენის და არა მოცემული საკითხის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით დადასტურების მიზნით განხორციელებული. როგორც წინარე წერილში აღვნიშნე, ჩემთვის, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარისათვის, სისხლხორცეულად მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების უმწიკვლოდ და ობიექტურად ფუნქციონირება და შესაბამისად, ვფიქრობ, ამ მიმართულებით ნებისმიერი, თუნდაც დაუსაბუთებელი კითხვა უნდა იყოს მოხსნილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ საკითხის ირგვლივ კითხვის ნიშნების გაფანტვის მიზნით, უარს ვამბობ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე. ასევე გაცნობებთ, რომ წინამდებარე წერილი ასევე მატერიალურად ჩაბარდება საქართველოს პარლამენტის კანცელარიას“, - ნათქვამია ზაზა თავაძის განცხადებაში.

მანამდე ზაზა თავაძემ, პარლამენტს მისი კანდიდატურის განხილვის გადადების თხოვნითაც მიმართა.

ზაზა თავაძე თავისი კანდიდატურის განხილვის შეჩერების თხოვნის მთავარ მიზეზად განათლების მაგისტრის ხარისხთან შესაბამისობის დადგენისთვის საჭირო პროცედურებს ასახელებდა და იმედოვნებდა, რომ მისი მაგისტრის ხარისხი დადასტურდება.