რუსეთის წარმომადგენელი გრიგორი კარასინი იმედოვნებს, რომ დეფაქტო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი ახალ წლამდე დატოვებს ცხინვალის ციხეს და დღესასწაულს ოჯახთან ერთად შეხვდება. ამის შესახებ პრაღაში მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა, რომელიც დახურულ კარს მიღმა ორი საათის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან.
გრიგორი კარასინმა შეხვედრის შემდეგ კვლავ ისაუბრა რუსეთის პოზიციაზე სამხრეთ კავკასიაში ნატოსა და აშშ-ის როლის გააქტიურების შესახებ, რაც კრემლის შეშფოთებას იწვევს.
“ის, რაც მე მაშინ (წინა შეხვედრისას) ვთქვი, აბსოლუტურად აქტუალურია. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ნატოს საქმიანობას სამხრეთ კავკასიაში. გასაგები მიზეზების გამო ჩვენთვის ეს არ არის სულ ერთი, ვინაიდან ეს არის სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი და არა რომელიმე ეკონომიკური სტრუქტურა. ის უკავშირდება სამხედრო სფეროს. აუცილებელი სიტყვები ჩვენი შეშფოთების შესახებ მე ვუთხარი ზურაბ ირაკლის ძეს. ეს ეხება როგორც თავად ნატოს ბლოკს, ისე იმ შეთანხმებებს აშშ-თან, რომლებიც, როგორც მე ვიცი, ცოტა ხნის წინ განახლდა. ჩვენი მიზანია უბრალოდ გავაფრთხილოთ მეზობლები, რომ ეს ჩვენთვის სულერთი არ არის და რომ არსებობს წითელი ხაზები, რომლებიც, სასურველია, არ გადაიკვეთოს, რათა ვიცხოვროთ მშვიდად და სტაბილურ ვითარებაში კავკასიაში, “ -განაცხადა გრიგორი კარასინმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში.