პოლიციის უფროსი: პოლიცია იმდენ ხანს დარჩება პარლამენტის წინ, რამდენიც საჭირო იქნება

ვაჟა სირაძე

საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის თანახმად, პოლიცია იმდენ ხანს იქნება მობილიზებული, რამდენიც პარლამენტის მშვიდ ვითარებაში ფუნქციონირებას დასჭირდება. მისი განმარტებით, პოლიციამ ჩიტაძის ქუჩიდან განარიდა ადამიანები, რომლებიც პარლამენტის შესასვლელის ბლოკირებას აპირებდნენ. მისივე თქმით, ადგილზე გადაადგილება და პარლამენტის შენობაში შესვლა პარლამენტის წევრებთან ერთად შეუძლიათ ასევე ჟურნალისტებს. კითხვაზე რატომ განთავსდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რკინის კონსტრუქციები, ვაჟა სირაძემ უპასუხა, რომ ეს გაკეთდა იმისთვის, რათა აქციის მონაწილეებმა პოლიციელებზე არ იძალადონ:

"მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დადგეს ეს რკინის კორდონი, რათა შეხება არ ჰქონდეს ამ ადამიანებს და პოლიციელს არ მიაყენონ შეურაცხყოფა, არ იძალადონ მათზე. დღეს ეს ადამიანები ცდილობენ, რომ მოახდინონ შენობის ბლოკირება“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

დღეს დილიდან პოლიციამ რკინის კედლებით გადაკეტა პარლამენტის მიმდებარე ჩიტაძის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩები და ინგოროყვას ქუჩის ნაწილი.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის პიკეტირების გაგრძელებას დილიდან აპირებდნენ.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საპოლიციო ძალებმა ორჯერ, 18 და 26 ნოემბერს დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქციები. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი. პოლიციამ ორი აქციის დროს, საერთო ჯამში, 65 ადამიანი დააკავა ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.