ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი გაეროს გენერალურ მდივანს მიმართავს

ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 9 ნოემბერს დააკავეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდებით

ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროში უკანონოდ მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა გაეროს გენერალურ მდივანს მიმართა, დაუყოვნებლივ გამოიყენოს ყველა არსებული რესურსი ოკუპანტების მიერ დატყვევებული ექიმის გასათავისუფლებლად. ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი გენერალურ მდივანს მოუწოდებს, საქართველოში სასწრაფოდ გაგზავნოს გაეროს სპეციალური კომისარი.

ექიმის ოჯახმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსაც მიმართა განცხადებით: „შეშფოთებას და პროტესტს გამოვთქვამთ ამა წლის 9 ნოემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, კერძოდ, რუსეთის სოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის და ცნობილი ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დატყვევების ფაქტზე ცხინვალის რეგიონში, რომელიც მიემართებოდა პაციენტის დასახმარებლად“. ექიმის ოჯახი მოითხოვს, რომ საქართველოს მთავრობამ მიმართოს ყველა ზომას ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს. ექიმს ბრალად დასდეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევა. ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.