„ქართული ოცნების“ ოფისში დასრულდა უმრავლესობის სხდომა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. სხდომის შედეგები საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააცნო. 6 პუნქტად ჩამოყალიბებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით გაიმართება, თუმცა იმ ოლქებში, სადაც გამარჯვების შანსი ოპოზიციას ექნება, „ქართული ოცნება“ კანდიდატებს არ დაასახელებს:
„მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი. შედეგად უზრუნველვყოფთ მომავალი პარლამენტის მაქსიმალურ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას. გზას გავუხსნით ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს, რათა მათ უშუალო და ქმედითი მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პროცესში. რაც იყო კიდეც ჩვენს მიერ ივნისში წარდგენილი საარჩევნო შეთავაზების ყველაზე მთავარი იდეა“, - განაცხადა კახა კალაძემ.