როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი გადაცემის „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი მურატ გუკემუხოვი წერს, ლენინგორის (ახალგორის) საბჭოს შენობაში გამოკრულია სია, რომელშიც შეტანილია 36 ადგილობრივი მოსახლის გვარი. ხალხში ეს სია ცნობილია „შავი სიის“ სახელით, რადგან მასში შეტანილ ადამიანებს თვითაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების სამსახურმა (კგბ) უარი უთხრა საშვის მიღებაზე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უარი უთხრა თავისუფალი გადაადგილების უფლებაზე.
ყოველი კვირის ხუთშაბათს ახალგორის დაბის საბჭოში ცხინვალიდან ჩადის „კგბ“-ს წარმომადგენელი, რომელიც ადგილობრივებისაგან იბარებს საშვისთვის საჭირო დოკუმენტებისა და განცხადებების პაკეტს, შემდეგ ყველა ეს ქაღალდი განსახილველად მიაქვს ცხინვალში, სადაც ხდება საშვების დაშვება იმათთვის, ვისი საბუთებიც მოიწონეს, დანარჩენთა გვარები კი შეაქვთ „შავ სიაში“. ამჟამად ამ სიაში 36 ადამიანი ირიცხება. სია საბოლოო არ არის და ის აუცილებლად გაიზრდება საბუთების განხილვის პარალელურად.
„შავი სია“ შეისწავლა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა, რომლის თქმითაც, პირველი, რაც მისი წაკითხვისას თვალში მოგხვდება, ასაკობრივი დიაპაზონია - აქ არიან ადამიანები 3-დან 75 წლამდე:
„სიაში შეტანილია ელოშვილი ირა, ადგილობრივი ჩინოვნიკი, დაბის საბჭოს თავმჯდომარე. მასთან ერთად სიაში ირიცხება სამი წლის ბარბარე ზედგენიძე. გოგონას უარი უთხრეს, მაგრამ მის მშობლებს საშვები მისცეს. არ ვიცი, რა მიზეზით, მაგრამ უარი უთხრეს პენსიონერ ვენერა ქისიევასაც, თუმცა მის მეუღლეს, როგორც ჩანს, საშვი მისცეს, ყოველ შემთხვევაში, მისი გვარი „შავ სიაში“ შეტანილი არ არის. სიაშია ჩემი ოსი ნათლული თავის შვილთან ერთად და მისი უმუშევარი ქმარი. აქვეა ერთი სკოლადამთავრებული ბიჭი. დედამისს მისცეს საშვი, თვითონ ბიჭს კი - არა“.
თამარ მეარაყიშვილის თქმით, ამ სიაში არანაირი ლოგიკა არ არის და ის ეწინააღმდეგება რაიონის ხელმძღვანელების მიერ გაცემულ ყველა წინა დაპირებას.
საუბარი იმაზე, რომ თავისუფალი გაადაადგილების უფლებით ყველა ახალგორელი ვერ ისარგებლებს, ჯერ კიდევ მარტში დაიწყო, როცა რაიონის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა ვიტალი მამიტოვი, რომელმაც პირველივე დღეებში განაცხადა, რომ სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირები არ უნდა გადადიოდნენ საქართველოში, რადგანაც ისინი, მისი თქმით, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას ფლობენ. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამგვარი შეზღუდვა შესაძლოა გავრცელდეს ჩინოვნიკების ოჯახების წევრებზეც, რადგანაც შესაძლოა ისინიც წამოეგონ საქართველოს სპეცსამსახურების ანკესზე, მაგრამ საქმე არც ამით დასრულებულა. რაიონის ახალმა თავკაცმა გადაწყვიტა, შეზღუდვა გავრცელებულიყო ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებულ პირებზე, რათა მათი საქართველოში გადასვლით ძირი არ გამოთხროდა ადგილობრივ ეკონომიკას ანუ თვითაღიარებულ რესპუბლიკაში გამომუშავებული ფული არ დახარჯულიყო თბილისში! სულ ბოლოს კი ითქვა, რომ აკრძალვა უნდა გავრცელდეს სამხრეთ ოსეთის ყველა მოქალაქეზე, რადგანაც მოქალაქეობის მიღებით, მათ შესაბამისი არჩევანიც გააკეთესო.
შედეგად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოაკრა სია, რომელიც ძალიან ჰგავს შემთხვევით, უსისტემოდ შერჩეული გვარების ნაკრებს და წარმოადგენს ხალხისადმი უგულო დამოკიდებულების თვალსაჩინო ნიმუშს. სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს იმას, რომ სამი წლის ბავშვს უარს ეუბნებიან, მის მშობლებს კი საშვს აძლევენ?
ამასთან, როგორც დამკვირვებლები შენიშნავენ, „საშვიანთა“ შორის არიან როგორც მოხელეები, ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები და მათი ოჯახების წევრები. ერთადერთი, რაც მათ აერთიანებთ - პრივილეგირებული მდგომარეობა ანუ ხელისუფლებასთან ახლობლობაა.
ჯერჯერობით ეს სიები დიდად არავის აღელვებს იმის გამო, რომ ყველა გამშვები პუნქტი ისედაც დახურულია. სხვათა შორის, დახურულია რეკორდულად დიდი დროის განმავლობაში. ჯერ იყო კარანტინი გრიპის ვირუსის გამო (11 იანვრიდან 15 მარტამდე), მაგრამ ამის შემდეგაც გამშვები პუნქტები ყველასთვის არ გახსნილა. კარანტინის დასრულების შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ შემოიღო ახალი წესები, რომელთა მიხედვითაც, პუნქტის გასავლელად შიდა პასპორტის გარდა, ასევე საჭირო იყო სპეციალური საშვი, მაგრამ 4 სექტემბერიდან კვლავ ჩაიკეტა ე.წ. საზღვარი, წნელისის კრიზისის გამო.
თამარ მეარაყიშვილის თქმით, ხალხი დაიღალა იზოლაციაში ცხოვრებით, რის გამოც სულ უფრო ხშირად უგულებელყოფს აკრძალვებს:
„ვხედავ, რომ იცლება რაიონი, თანდათანობით, თითქმის შეუმჩნევლად... ქრებიან ადამიანები, გადიან აქედან „შავი გზებით“. ყოფილა შემთხვევები, როცა ხალხი შინ მოსულა მალულად, არალეგალურად. „მესაზღვრეები“ მათ აკავებენ, მაგარამ არ აძევებენ, აჯარიმებენ და თავს ანებებენ. თუ პირველად გამოგიჭირეს, ჯარიმა მინიმალურია - 2 ათასი რუბლი. როგორც ჩანს, ამგვარი ალალეგალური მიმოსვლა შავი გზებით, შეუმჩნეველი არ დარჩენია ხელისუფლებას, რადგანაც ბოლო დროს ეზო-ეზო დაიწყეს სიარული და მცხოვრებლების გადათვლა. აფიქსირებენ, ვინ დარჩა რაიონში და ვინ გადავიდა მიმდებარე ტერიტორიაზე.
თუმცა „საზღვრის“ გადაკვეთა თითქმის ლეგალურადაც შესაძლებელია, გამშვები პუნქტის გვერდის ავლითა და ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვით. ამგვარ შეთანხმებულ დამრღვევებს ხელს არავინ ახლებს. დღესასწაულებზე, რომლებსაც მართავენ გავლენიანი პირები, შესაძლებელია სამხრეთიდან შემოსული ბევრი სტუმრის ნახვა. ისინი არავის ემალებიან, თავს თავისუფლად გრძნობენ.
მაგრამ ასეთ „სერვისზე“ მხოლოდ განსაკუთრებულ მცხოვრებლებს მიუწვდებათ ხელი. მაგალითად, ამ დღეებში ახალგორის საავადმყოფოში ტუბერკულოზისგან გარდაიცვალა 50 წლის ვაჟა ხრიკული. გარდაცვლილის ნათესავებს ნება არ დართეს ჩამოსულიყვნენ, გვამის წაღებაზეც უარი უთხრეს. უბედური დაკრძალეს საავადმყოფოს კეთილი დირექტორის მიერ შეძენილ კუბოში, ქელეხიც მეზობლებმა გადაიხადეს ვალით. გარდაცვლილის ნათესავები ტელეფონით დაჰპირდნენ მეზობლებს გაწეული ხარჯის ანაზღაურებას. აი, ასეთი საზღვარია, ვისთვის ღია და ვისთვის კი ბოქლომით ჩარაზული.