წულუკიანი: ბევრი რამ ჩვენი ბრალია - კოჰაბიტაციას უნდა ჰქონდეს დასასრული

იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ურთიერთობის შესახებ საუბრობს.

„ახლა როდესაც ბოქლომიანები გვაიძულებენ, მივოშოროთ ეს სისტემა [შერეული საარჩევნო სისტემა], ეს მათი ვიწროპარტიული ინტერესია და გათვითცნობიერებული აქვთ, რომ ვარდებით მოსული ხელისუფლება ბოქლომებით სირბილამდეა დასული.

ბევრი რამ ჩვენი ბრალია - დიახ, კოჰაბიტაციას უნდა ჰქონდეს დასასრული. კოჰაბიტაცია არ უნდა ვინანოთ, თუმცა დასასრული უნდა ჰქონდეს. ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ პირველივე დღებში თქვა, ბევრმა მაშინ კარგად ვერ გავიგეთ. დღეს კარგად მესმის, მან თქვა: ოპონენტებს, რაც არ უნდა ყველაზე სასტიკი ხელისუფლება ყოფილიყო საქართველოს ისტორიაში, მოვეპყრათ არა ისე, როგორც მათ ეკადრებათ, არამედ ისე, როგორც ეკადრება ჩვენს ქვეყანასო და ჩვენ წაგვიყვანა განვითარების მშვიდობიან და დემოკრატიულ გზაზე, რაც არ უნდა რთული ყოფილიყო ეს.

დღეს ვფიქრობ, დადგა დრო, რომ 2020 წლის არჩევნებზე ვაჩვენოთ, ეს არის წარსული ძალა“, - თქვა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში.