წულუკიანი: კარგია, რომ ნულოვანი ბარიერის პროპორციული მოდელი არ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში

თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიესალმება პროპორციული საარჩევნო მოდელის ჩავარდნას და ფიქრობს, რომ ქვეყანას სტაბილურობისთვის მაჟორიტარული სისტემა სჭირდება:

„სამწუხაროდ რაც არ უნდა კეთილშობილური და დემოკრატიული აზრი იყოს ნულოვანი ბარიერით პროპორციული არჩევნების ჩატარება და სრულად ამ მოდელზე გადასვლა, ჩვენს რეალობაში, როდესაც მეორე მხარეს არის არა პოლიტიკური ძლიერი ოპოზიცია, არამედ მალე ბოქლომების მაღაზიას გახსნიან ალბათ, მათთან ძალიან ძნელია რაიმე ტიპის მთავრობის ფორმირებაზე საუბარი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი შეფასებით, შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება არის გარანტია იმისა, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად ქვეყანა მიიღებს ხალხის მიერ არჩეულ იმ მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქვეყანაში სტაბილურობას დაამკვიდრებს:

„როგორც ყოფილი მაჟორიტარი ვრჩები იმ აზრზე რომელ აზრზეც ყოველთვის ვიყავი და ვფიქრობ, რომ მაჟორიტარული სისტემა არის ის, რაც სჭირდება ხალხს იმისთვის, რომ პრობლემების მომგვარებელი არსებობდეს ამ ქვეყანაში. და ეს სისტემა უნდა იქნეს შენარჩუნებული“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა 21 ნოემბერს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

14 ნოემბერს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტს, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. სხდომაზე შესაბამის საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა, მაშინ, როცა საჭირო იყო სულ მცირე 113 დეპუტატის ხმა. "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ხმები დააკლდა თავად "ქართული ოცნების" უმრავლესობიდან.