გიგა მაქარაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიანე ფილიშვილმა 18 ნოემბერს დაკავებული, მორიგი ექვსეულის საქმეზე გადაწყვეტილებები გამოაცხადა.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, გიგა მაქარაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

ირაკლი ნადირაძეს - 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;

ირაკლი კაჭარავას - 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;

დიმიტრი ბიძინაშვილის - 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;

დავით მჟავანაძეს - 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;

პაატა სოსანაშვილს - სიტყვიერი გაფრთხილება;

მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლოს შენობაში შეკრებილი მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა.

მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა გადაწყვეტილებები კიდევ რამდენიმე დაკავებულის საქმეებზე.

18 ნოემბერს, პარლამენტთან აქციაზე დააკავეს სულ 37 პირი. მათგან 25-ის საქმის განხილვა გადაიდო. სასამართლო სხდომების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

20 ნოემბერს მოსამართლემ საპროტესტო აქციაზე დაკავებულები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გაათავისუფლა.

პოლიციამ 37-ივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით დააკავა.

18 ნოემბერს, საპოლიციო ძალებმა პიკეტირებული პარლამენტის შენობის გათავისუფლების მიზნით მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობას. 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმად, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარებულიყო.