ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარმა მეტოქემ, ბენი განცმა ვერ შეძლო დადგენილ ვადებში მთავრობის ჩამოყალიბება. ეს იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ ახალი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
ამის შესახებ 20 ნოემბერს გააკეთა განცხადება ბენი განცის ცენტრისტულმა პარტია „ლურჯმა და თეთრმა“. განცს შუაღამემდე ჰქონდა ვადა მთავრობის ფორმირებისთვის, მას მერე, რაც სექტემბერში გამართულმა არჩევნებმა ვერ გამოავლინა აშკარა გამარჯვებული.
განცის თქმით, მან ისრაელის პრეზიდენტ რეუვენ რივლინს შეატყობინა, რომ დათქმულ ვადებში ვერ ახერხებს დაკისრებული ამოცანის შესრულებას. მაგრამ დასძინა, რომ ქვეყნის სასიკეთოდ განაგრძობს მთავრობის ფორმირებაზე მუშაობას.
გასულ თვეში მთავრობის შექმნა ვერ შეძლო ნეთანიაჰუმ.
ახლა ისრაელის პარლამენტში, კნესეტში იწყება 21-დღიანი პერიოდი, როცა კვლავ ნეთანიაჰუმ, ან რომელიმე სხვა კანდიდატმა უნდა ჩამოაყალიბოს საპარლამენტო უმრავლესობა.
თუკი ვერ მოხერხდება შეთანხმება, მარტში ახალი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.