რუსეთის მიერ უკრაინისთვის დაბრუნებული გემები ოჩაკოვის სამხდერო პორტში ჩავიდნენ

უკრაინის გემები, რომლებიც რუსეთის სასაზღვრო დაცვამ ჩაიგდო ხელში 2018 წლის ნოემბერში ანექსირებული ყირიმის ნაპირთან, ოჩაკოვის სამხედრო პორტში ჩავიდნენ.

გემებს დახვდნენ ადგილობრივი მოსახლეები, რომლებმაც უკრაინის დიდი დროშა გამოფინეს. საზეიმო ღონისძიებაზე ჩადის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

მანამდე უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურმა, ადმირალმა იჰორ ვორონჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთმა გემებიი ძალზე ცუდ მდგომარეობაში დააბრუნა.

„რუსებმა ისინი გაანადგურეს, ნათურები, ელექტროაღჭურვილობა და ტუალეტებიც კი მოხსნეს. მთელს მსოფლიოს ვუჩვენებთ, როგორ ბარბაროსულად მოეპყრნენ მათ რუსები,“ თქვა ვორონჩენკომ.

2018 წლის 25 ნოემბერს რუსეთის სასაზღვრო დაცვის გემებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის სამ გემს, ხელში ჩაიგდეს ისინი და ტყვედ აიყვანეს უკრაინის 24 მეზღვაური. ინციდენტი მოხდა ქერჩის სრუტეში, რომლის გავლითაც უკრაინული ხომალდები უკრაინის პორტ მარიუპოლში შესვლას აპირებდნენ აზოვის ზღვაში.

ქერჩის სრუტე ერთადერთი გასასვლელია შავი ზღვიდან აზოვის ზღვაში. იგი მდებარეობს რუსეთსა და ყირიმის ნახევარ კუნძულს შორის, რომელიც 2014 წელს დაიკავა რუსეთმა.