ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში თავის დაწვა სცადა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრმა ლაშა ჭიღლაძემ პროტესტის ნიშნად ბენზინი გადაისხა და შეეცადა თავი დაეწვა. მას დროულად მიუსწრეს სამართალდამცველებმა და დროულად გაიყვანეს.

მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერმა დავით ქაცარავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ლაშა ჭიღლაძემ „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ პოლიცია მასზე ზეწოლას ახდენს და ემუქრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 18 ნოემბერს დაკავებულთა სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, პოლიცია არის მობილიზებული.

გაურკვეველია, როდის დასრულდება სასამართლო პროცესები. სასამართლოს შენობის გარეთ იმყოფებიან აქტივისტები და პოლიტიკოსები, რომლებიც იქ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მიტინგიდან მივიდნენ.

18 ნოემბერს პიკეტირებული პარლამენტის შენობის გათავისუფლების მიზნით მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით სპეცრაზმმა დაშალა. სწორედ, ამ დროს დააკავეს 37 ადამიანი, რომელთა სასამართლო პროცესებიც ამამად მიმდინარეობს.