გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ოპოზიცია სამოქმედო გეგმის განხილვას აგრძელებს

გიორგი ვაშაძე

„ბოქლომები კი არ უნდა გაჭრათ, გასაღები უნდა მოძებნოთ და ეს გასაღები არის სწორედ ხალხის ხელში, რომელიც თქვენგან პროპორციული არჩევნების ჩატარებას ითხოვს“, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ.

18 ნოემბერს, სამართალდამცავების მიერ პარლამენტის პიკეტირების აქციის დაშლის შემდეგ გამართულ ბიუროს სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ მიიტანა პარლამენტის ჭიშკრიდან ჩამოხსნილი ბოქლომი და განაცხადა, რომ სურს ბოქლომი სიმბოლურად დაუბრუნოს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც იგი ქვეყნის პარლამენტს დაადო.

დღეს, 19 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ვაშაძემ მადლობა გადაუხადა გუშინდელი აქციის ყველა მონაწილეს: „მშვიდობიანი, არაძალადობრივი საპროტესტო აქცია მოქმედებაშია და ვაგრძელებთ მოქმედებას. მინდა ყველა ოპოზიციურ პარტიას ვუთხრა, რომ ჩვენი ერთიანობა არის იმის განმაპირობებელი, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ“.

გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, დღეს გაიმართება ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა, რომელზეც სამოქმედო გეგმებს განიხილავენ.

„ჩვენ მივდივართ ჩვენი გეგმით. ეს არის მშვიდობიანი, საპროტესტო არაძალადობრივი მოქმედებები გამარჯვებისათვის და აუცილებლად ჩვენ ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე იმიტომ, რომ სიმართლე ჩვენ მხარეს არის. პროტესტი საზოგადოებაში ძალიან მაღალია. ამ პროტესტს აქვს სხვადასხვა გამოხატვის ფორმები, მაგრამ ჩვენ მივდივართ მშვიდობიანი გზით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომ პროცესი შეუქცევადია: „ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველო იმართებოდეს ავტორიტარების მიერ, არ გვინდა, რომ საქართველო იყოს არადემოკრატიული ქვეყანა. კვლევებმაც აჩვენა, მოსახლეობის 78% მხარს უჭერს იმას, რომ საქართველოში ჩატარდეს პროპორციული არჩევნები. სწორედ ამის გეშინიათ თქვენ. არ გინდათ პროპორციული არჩევნები, რადგან ებღაუჭებით ხელისუფლებას. ეს არც ერთ შემთხვევაში არ გამოგივათ და მოგიწევთ აუცილებლად უპასუხოთ ხალხს“.

18 ნოემბერს საღამოს, სამართალდამცავებმა დაშალეს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე პიკეტირების აქცია. შსს-მ აქციის დაშლის საფუძვლად დაასახელა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის მე-9 მუხლის დარღვევა. კერძოდ, ის, რომ კანონით აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

უფლებადამცველები ადასტურებენ, რომ ფორმალურად არსებობდა პიკეტირების აქციის დაშლის საფუძველი, თუმცა, ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა კონტექსტი, რომელმაც მშვიდობიანი აქციის ეს ფორმა განაპირობა და არც ის, რომ გამომწვევ მიზეზზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.

სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის შესასვლელების პიკეტირება 17 ნოემბერს, ღამით დაიწყეს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასავლელად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნისადმი პროტესტის ნიშნად.

18 ნოემბერს დილით, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს რამდენიმე დეპუტატი. ჩაიშალა დღის პირველ ნახევარში დაგეგმილი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის და ბიუროს სხდომები. პარლამენტმა ბიუროს სხდომა პიკეტირების აქციის დაშლის შემდეგ, საღამოს რვის ნახევარზე ჩაატარა.