შსს: დაკავებულია 37 ადამიანი, დაშავდა - 6

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს ინფორმაციას 18 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე დაკავებული და დაშავებული პირების შესახებ.

შსს-ს ცნობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი.

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსთაველის გამზირზე დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ.

რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა 16:00 საათის შემდეგ დაიწყო. აქცია პარლამენტთან მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც ჩავარდა კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემააზე გადასვლას ისახავდა მიზნად.

აქციის დაშლისას დაკავებულთა შორის არიან: აქტივისტები - გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია (ადვოკატი), ზუკა ბერძენიშვილი, 20 ივნისს დაშავებული ირაკლი ფავლენიშვილი. სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს. რუსთაველზე ამ დრომდე რჩებიან როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამართალდამცველები.