საია: ხელისუფლებამ არ უნდა შეზღუდოს პროტესტი პარლამენტის ბლოკირების ფორმით

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ენიჭება, რადგან მან დაარღვია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციის პროტესტის საპასუხო ფორმა - პარლამენტის შენობის ბლოკირება - კანონმდებლობით აკრძალულია, თუმცა სასურველია, იგი მაინც არ შეიზღუდოს.

სრულად გთავაზობთ საიას მიერ გავრცელებულ განცხადებას:

„საპარლამენტო კენჭისყრამ და კონსტიტუციური ცვლილებების ,,ქართული ოცნების“ მიერ ჩაგდებამ აჩვენა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ პროპორციულ საარჩევო სისტემაზე გადასვლის პირობა, ივნისის ბოლოს, პროტესტის ტალღის დაცხრობისკენ მიმართული, ცინიკური სვლა იყო. ამას საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა და პროტესტი მოჰყვა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმის პარალელურად, მმართველი ძალა არც ე.წ. ,,გერმანული მოდელით“ არჩევნების ჩატარებას უჭერს მხარს. ამით ის თავად უწყობს ხელს ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას. შესაბამისად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობაც სრულად მას ეკისრება.

ხელისუფლების მიერ შემხვედრი ნაბიჯების არ არსებობისა და დემონსტრანტთა იგნორირების პირობებში, აქციის მონაწილეები მიმართავენ პროტესტის რადიკალურ ფორმას, პარლამენტის შენობის ბლოკირებას. კანონმდებლობა კრძალავს ამ ქმედებას და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევს მას. ამის მიუხედავად, ვინაიდან, პროტესტის მონაწილეთა ეს ქცევა არაძალადობრივია და პასიური წინააღმდეგობის ფორმით გამოიხატება, საია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ანგარიში უნდა გაუწიოს არსებულ კონტექსტს და არ უნდა შეზღუდოს აქციის მონაწილეთა პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა. მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გააცნობიეროს საკუთარი როლი, აიღოს პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე, აჩვენოს კონსენსუსის ნება და მხოლოდ ასე და არა ძალის გამოყნებით, დაარეგულიროს არსებული მწვავე ვითარება", - აღნიშნულია განცხადებაში.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ პარლამენტთან საპროტესტო აქციები გრძელდება, პიკეტირებულია საკანონმდებლო ორგანოს შენობის შესასვლელები. აქციის მონაწილეები ვადამდელი პროპორციული არჩევნების გამართვას ითხოვენ.