„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად და აქტიურად იმუშაოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე.
საია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:
- სწრაფად და ეფექტიანად მიიღოს ყველა შესაძლო ზომა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხზე;
- მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლო საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები, რათა დაიძლიოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კრიზისი და იქ მცხოვრებ პირებს მიეცეთ შესაძლებლობა მიიღონ საბაზისო საჭიროებები, მათ შორის, მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება.
საერთაშორისო თანამეგობრობასა და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს:
- დაეხმარონ ქართულ მხარეს აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში.
- გაააქტიურონ ძალისხმევა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უფლებების მასობრივი დარღვევის წინააღმდეგ საბრძოლველად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათი წარმომადგენლობის სადამკვირვებლო საქმიანობის განსახორციელებლად.
ხელისუფლებას აქტიურობისკენ მოუწოდებენ დაკავებული ექიმის კოლეგები. მათ აქციაც გამართეს სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში.
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
როგორც რადიო თავისუფლებას გაფრინდაშვილის ცოლმა თამილა ლაფანაშვილმა უთხრა, მას ინფორმაცია „ცხელი ხაზის“ მეშვეობით შეატყობინეს.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან 9 ნოემბერს დააკავეს, საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა ამის შესახებ განცხადება 4 დღის შემდეგ გააკეთეს.