თალაკვაძე: პროპორციული არჩევნების გადმოწევის ვერგანხორციელება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ დღეს მოქმედი პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემა მხოლოდ 2024 წლამდე რჩება.

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თალაკვაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო და მისი ძალისხმევით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ 2024 წლიდან არჩევნები გაიმართება სრულად პროპორციული სისტემით.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ იყო ინიცირებული ამ სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლაც, თუმცა, სამწუხაროდ, დეპუტატთა ნაწილმა ეს არ გაიზიარა.

„როგორც არ უნდა შეეცადონ ამ პროცესის წარმოჩენას და ინტერპრეტაციას ჩვენი ოპონენტები, ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში მიიღო ქვეყნის კონსტიტუციურმა ინსტიტუტმა - საქართველოს პარლამენტმა. სამწუხაროა ნამდვილად, რომ ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო, თუმცა პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოწევის ინიციატივის ვერგანხორციელება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს, როგორც ოპონენტებს სურთ დღეს ამის წარმოჩენა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, პარლამენტის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ 2024 წლამდე საქართველოში რჩება იგივე საარჩევნო სისტემა, რომლითაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში საზოგადოება ცვლიდა და ირჩევდა თავის ხელისუფლებას.

პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ნებისმიერ შემთხვევაში, დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება.

თალაკვაძის განცხადებით, იმუშავებენ იმისთვის, რომ ეუთოს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა კოსნტრუქციული და ნორმალური პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში წარმატებით დასრულდეს. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, კონსულტაციებს მართავენ საერთაშორისო პარტნიორებთანაც, რომ ბოლომდე მივიდეს ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინებით საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, არჩევნებს იგებს ხალხის ნდობა და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი: „შესაბამისად, ნურავინ შეეცდება მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა საარჩევნო სისტემის მახასიათებლებს დააბრალოს”.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან ერთად, რეპრესიული რეჟიმის პირობებში შეძლო არჩევნების მოგება სწორედ არსებული სისტემით.

თალაკვაძემ ისიც თქვა, რომ დღეს საქართველოს და მის მოქალაქეებს სჭირდებათ გარემო მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის: „სახელმწიფო არის და იქნება მოწოდების სიმაღლეზე და მზად არის გაუმკლავდეს გამოწვევას. ქვეყანაში არ იქნება არავითარი კრიზისი, ხოლო არჩევნები კონსტიტუციით დადგენილი წესით განსაზღვრულ ვადებში დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება“.

პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა პოლიტიკოსებს, ოპონენტებს, აჟიოტაჟის ხელოვნურად შექმნის მცდელობების ნაცვლად, საფუძვლიანად მოემზადონ კონსტრუქციული, ნორმალური პოლიტიკური პროცესისთვის და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სადაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვის ანდობს ქვეყნის მომავალს.