უმრავლესობა ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამაც დატოვეს

„ამ გადაწყვეტილებამ არ დამიტოვა სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ დამეტოვებინა უმრავლესობა“, - თქვა ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ წევრმა, ნინო გოგუაძემ ბრიფინგზე, რომელზეც ფრაქციის დატოვების შესახებ განაცხადა.

ფრაქციის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ნინო გოგუაძესთან ერთად ზვიად ძიძიგურმა და გუგა ბუკიამაც მიიღეს. მათი ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის თაობაზე საკონსტიტუციო კანონპროექტის ჩავარდნასთან.

„ჩვენ მხარს ვუჭერდით პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას და ეს იყო პროექტი, რომელსაც მხარს უჭერდა უმრავლესობა და უმრავლესობის ინიცირებული იყო. და ასე მოულოდნელად და აუხსნელად ჩემი კოლეგების მხრიდან ამ სისტემაზე უარის თქმა გაუგებარია როგორც ჩემთვის, ასევე საზოგადოებისთვისაც. მე გამიჭირდება, ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ავუხსნა, რა იყო ამის მიზეზი და რატომ ვერ შევძელით ის მიგვეყვანა ბოლომდე, რისი ინიციატორიც ჩვენ თვითონ ვიყავით“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ ბრიფინგზე.

ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორებში“ 6 დეპუტატი იყო, ზვიად ძიძიგურის, გიგა ბუკიას და ნინო გოგუაძის გარდა, მასში შედიან მუხრან ვახტანგაძე, რულან გაჯიევი და პაატა კვიჟინაძე.

დღეს გამართული ბრიფინგის შემდეგ ითქვა, რომ ფრაქციის დანარჩენი წევრები გადაწყვეტლებას ინდივიდუალურად მიიღებენ.

14 ნოემბერს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, მარიამ ჯაშმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ირინე ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილმა და გიორგი ბეგაძემ.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის და ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით.