გავრილოვი: საქართველომ ბოდიში უნდა მოუხადოს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას

სერგეი გავრილოვი

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის თქმით, საქართველომ ბოდიში უნდა მოუხადოს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას მსა-ის სესიის ჩაშლისთვის მიმდინარე წლის ზაფხულში. ეს განცხადება გავრილოვმა ხუთშაბათს გააკეთა მსა-ის სამდივნოს სხდომაზე, რომელიც 14-15 ნოემბერს იმართება ათენში.

20 ივნისს ჩაიშალა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომა, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა. პროტესტი გამოიწვია იმან, რომ სერგეი გავრილოვი, რომელიც სხდომას თავმჯდომარეობდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. ამ ინციდენტს მოჰყვა ფართო მასშტაბის საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც მრავალი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს პარლამენტის წინ.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა საბერძნეთის პარლამენტის ინიციატივით შეიქმნა 1994 წელს. საქართველოს პარლამენტი ასამბლეაში 2013 წელს გაწევრიანდა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში გაერთიანებულია ევროპის, აზიის, აფრიკისა და ამერიკის 25 ქვეყანა.