ზუგდიდში, სამოქალაქო აქტივისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს საქართველოს პარლამენტში დღევანდელი კენჭისყრის შედეგი, რომლის მიხედვითაც, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მიზნით „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულმა საკონსტიტუციო ცვლილებამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო.
საპროტესტო აქცია ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ბიუროსთან გაიმართა. ქვარაია იმ დეპუტატებს შორისაა, რომლებმაც პარლამენტის სხდომაზე რეგისტრაცია გაიარეს, თუმცა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები, წარწერებით: "მოგვატყუეს", "თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან პროპორციული სისტემის ჩაგდებამდე", "ბიძინა მაჟორიტარების მეფე", "გადაგვაგდეთ?! გადაგაგდებთ!" და მეგრულ ენაზე წარწერით: „საონჯღორო“, ანუ „სირცხვილია“.
„ვაპროტესტებთ იმ სამარცხვინო გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო პარლამენტმა. ეს არის მორიგი შავი ლაქა პარლამენტარიზმის ისტორიაში. კიდევ ერთი ფაქტი, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებას დაგვპირდნენ ცვლილებას და ეს არ შეასრულეს“, - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, ცაბუნია ვართაგავამ.
მისი თქმით, სამარცხვინოა ისიც, რომ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაიაც იყო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება მოახდინეს, თუმცა, დღეს აღმოჩნდა, რომ ქვარაიამ მხარი არ დაუჭირა თავის ინიცირებულ კანონპროექტს.
დღეს, 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უყარა კენჭი „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს, რომელიც ეხებოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა სულ მცირე 113 ხმა.
„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.