პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია „უწყვეტ საპროტესტო აქციებს“ იწყებს.
ინაშვილის ცნობით, პირველი აქცია ჩატარდება თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე კვირას, 17 ნოემბერს, 17:00 საათზე.
აქციების მთავარი მოთხოვნა იქნება - „ქართულმა ოცნებამ“ დატოვოს ხელისუფლება".
„სრულიად საქართველოსთვის ნათელია, რომ ხელისუფლებამ დღევანდელი ნაბიჯით განახორციელა ძალაუფლების უზურპაცია. ნათელია, რომ ხელისუფლების მიტაცება დაწყებულია“, - ამბობს ინაშვილი.
ამასთან, როგორც ირმა ინაშვილი აღნიშნავს, შექმნილ ვითარებაშიც კი საპარლამენტო უმრავლესობას შეუძლია კრიზისის გამოსწორება: „შეუძლია, მცირედი ცვლილება განახორციელოს ჩავარდნილ კანონპროექტში და თავიდან შემოიტანოს პარლამენტში. მაგრამ არ ვიცი ახლა რაზე მსჯელობენ, როგორც ჩანს, ამას არ გააკეთებენ“.
„პატრიოტთა ალიანსი“ აპირებს პარლამენტში თავად შეიტანოს კანონპროექტი მცირედი ცვლილებით - „პროექტში ბუნებრივი ბარიერი 0.67%-ის ნაცვლად იქნება 0.7%“.
14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო.