„ყველას გაერთიანება - ყოველგვარი იდეოლოგიური, ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ და იყოს ერთი ამოცანა: დავიბრუნოთ დემოკრატია და პარლამენტარიზმი საქართველოში. გავყაროთ ეს დამნაშავე, კრიმინალური დამნაშავე რეჟიმი“, - თქვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე.
ვაშაძის გარდა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იმყოფებიან, „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი, „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი, პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია, ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა, „ტრადიოციონალისტების" ლიდერი აკაკი აასათიანი და სხვა პარტიების წარმომადგენლები.
„ვიკრიბებით იმისთვის, რომ დავილაპარაკოთ. საქართველოში პარლამენტარიზმი დამთავრდა, დემოკრატია მოიპარეს, სახელმწიფო მოიპარეს. არავითარ შემთხვევაში არ უნდათ ხელისუფლების დათმობა. ყოველკვირა ატარებენ კვლევებს და მშვენივრად იციან, რომ კატასტროფული მარცხი ელოდებოდათ არჩევნებში.
აქედან გამომდინარე ყველაფერს აკეთებენ, რომ არჩევნები არ შედგეს. საქართველოში არიან ადამიანები, ვისაც გუშინდელი დადგმული სპექტაკლის სჯერა?! რომ ვთქვათ, ხუნდაძემ ჩააგდო ეს გადაწყვეტილებაო, იგივეა, რომ ვთქვათ: ივანიშვილს საკუთარი ჰალსტუხები და ფეხსაცმელები აუჯანყდნენო.
ხუნდაძემ შეუნარჩუნა ამ ქვეყანას სტაბილურობა?!“, - ამბობს გრიგოლ ვაშაძე.
14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო.