გია ვოლსკი: თავისუფალი კენჭისყრის გადაწყვეტილება გუნდის ერთიანობის შესანარჩუნებლად მივიღეთ

გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის თავმჯდომარე გია ვოლსკი ამბობს, რომ უმრავლესობის სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პარლამენტში თავისუფალი კენჭისყრა გაიმართოს.

პარტიის ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება გუნდის ერთიანობის შენარჩუნების მიზნით იქნა მიღებული. გია ვოლსკი ფიქრობს, რომ კანონპროექტი არ ჩავარდება:

"მე არ ველოდები რომ ჩავარდება. არაფერი ხმაური არ იყო, იყო ლაპარაკი საკმაოდ საქმიანი და არავითარი დაძაბულობა და ხმის აწევა. სწორედ ეს თემა, რომ პარტიიდან გარიცხვის საკითხი არ დადგეს დღის წესრიგში მივიღეთ იმიტომ, რომ გუნდის ერთობა არ არის მარტო "ქართული ოცნების" თემა. სახელმწიფოს სერიოზულად დაეტყობა გუნდის უმრავლესობის გახლეჩვა და ამ პოზიციის გადაყვანა ისეთ კონფლიქტში, რომელიც ქვეყანას დაეტყობა. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იყოს თავისუფალი კენჭისყრა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

საარჩევნო სისტემის შერეულიდან პროპორციულზე შეცვლის საკონსტიტუცვუიო პროექტის განხილვა პარლამენტში 12 ნოემბერს დაიწყო. მაჟორიტართა წინააღმდეგობის გაცხადების შემდეგ, კანონპროექტზე კენჭისყრა ვერ შედგა ვერც 13 ნოემბერს. მოლაპარაკებებმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გადაინაცვლა. გაიმართა უმრავლესობის ორი სხდომა და ინდივიდუალური შეხვედრებიც რამდენიმე მაჟორიტარ დეპუტატთან.

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს გამოაცხადა საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ ინიციატივა: „2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში“.

სწორედ, 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო ეს იყო ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეთა სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთი.