დიმიტრი ხუნდაძე: როგორც მოთავემ, ბიძინა ივანიშვილისგან უკმაყოფილება მივიღე

დიმიტრი ხუნდაძე

საქართველოს პარლამენტის მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის კენჭისყრა დღეს რომ ჩატარებულიყო, ის აუცილებლად ჩავარდებოდა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრის გადადების შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პროპორციული სისტემის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა დღეს მეტია, ვიდრე გუშინ იყო. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, წინასწარ პროგნოზს იგი არ აკეთებს:

„ხვალინდელზე ვისაუბროთ ჯერ უმრავლესობაზე და შემდეგ დარბაზში“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ. მან დაადასტურა, რომ 13 ნოემბერს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატების წინააღმდეგობის მოთავემ, უკმაყოფილება მიიღო ბიძინა ივანიშვილისგან. იგი ამბობს, რომ იყო „ცხელი საუბრები“ გუნდის წევრების მხრიდანაც. „არავითარი ზეწოლა არ ყოფილა, თუმცა, რა თქმა უნდა, იყო გადარწმუნების მცდელობა. ეს არის ნორმალური“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოს პარლამენტმა ხვალისთვის, 14 ნოემბრისთვის გადადო კენჭისყრა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

საკონსტიტუციო კანონპროექტით, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდეს უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მას შემდეგ დადო, რაც 2019 წლის ზაფხულში ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი 3 მთავარი მოთხოვნით გადაიკეტა, მათ შორის ერთ-ერთი კი სწორედ პროპორციული არჩევნები იყო.