საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა აქციის ფონზე გაგრძელდება

საქართველოს პარლამენტში დღეს გაგრძელდება საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის განხილვა.

12 საათზე დანიშნული პლენარული სხდომის წინ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩატარდება. წინასწარი ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ოფისში 10 საათზე დაგეგმილ სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

საკონსტიტუციო კანონპროექტით, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდეს უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. „ქართულ ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია, თუმცა, გადამწყვეტი იქნება სწორედ უმრავლესობის წევრების ხმები.

დღეს 12 საათიდან საქართველოს პარლამენტთან განახლდება მოძრაობა „სირცხვილია“-ს აქცია. მოძრაობის აქტივისტები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ „ქართული ოცნების“ მიერ პირობის დარღვევას. „სირცხვილია“-ს წარმომადგენლები პარლამენტთან 12 ნოემბერს საღამოსაც შეიკრიბნენ მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის მაჟორიტარი წევრების მხრიდან გაკეთდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საწინააღმდეგო განცხადებები.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებების განხილვა 12 ნოემბერს დაიწყო, თუმცა, რეგლამენტით განსაზღვრული დროის ამოწურვის გამო საკითხის განხილვა ვერ დასრულდა.

საკონსტიტუციო კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ცვლილება შედის კონსტიტუციური კანონის გარდამავალი დებულების მე-9 პუნქტში:

საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად პოლიტიკურ პარტიებზე მანდატების გასანაწილებლად თითოეული პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე;

მანდატს, ან მანდატებს მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობას მიიღებს;

პარლამენტის მომდევნო არჩევნების ჩატარების შედეგად, პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის წარსადგენად, თითოეული პოლიტიკური პარტიის მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა იმ პოლიტიკური პარტიების ხმების ჯამზე, რომლებმაც სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობა მიიღეს;

თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური პარტიები;

პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას, რომლის მხარდაჭერა ორგანული კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია არანაკლებ 5 000 ამომრჩევლის ხელმოწერით;

ირაკლი კობახიძის განმარტებით, დადგენილია გამონაკლისი, რაც ოპოზიციური პარტიების ინიციატივა იყო და „ქართული ოცნება“ კომპრომისზე წავიდა. კერძოდ, პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობისთვის არანაკლებ 5000 ამომრჩევლის მხარდაჭერის დადასტურების ვალდებულებისგან თავისუფლდება:

ყველა კვალიფიციური პოლიტიკური პარტია;

ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც დამოუკიდებლად, ან საარჩევნო ბლოკის შემთხვევაში მონაწილეობდა პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში და თუ მან, ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ერთ-ერთ არჩევნებში მაინც პროპორციული წესით 15 000 ხმა მაინც მიიღო;

ყველა პოლიტიკური პარტია, ან რომლის წევრმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15000 ხმა მაინც მიიღო;

კობახიძის ინფორმაციით, მთლიანობაში ხელმოწერების შეგროვების ვალდებულებისგან თავისუფლდება 23 პოლიტიკური გაერთიანება.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ერთჯერადად არის შემოთავაზებული ნულოვანი ბარიერის დადგენა, იმისთვის, რომ მაქსიმალურად საზოგადოების დიდი წარმომადგენლობა იყოს უზრუნველყოფილი საქართველოს პარლამენტში.

12 ნოემბერს პარლამენტმა განიხილა და კენჭი უყარა ოცი ოპოზიციური პარტიის მიერ 200 000 ამომრჩევლის სახელით ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ასევე ითვალისწინებდა მომდევნო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, თუმცა, „ქართული ოცნების“ პროექტისგან განსხვავებით, ოპოზიციის ინიციატივა იყო 3%-იანი საარჩევნო ბარიერი და პოლიტიკური ბლოკების შენარჩუნება.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად. რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.