პარლამენტში ნიკა მელია მივიდა და სხდომაზე დასწრებას გეგმავს 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავენ. პროექტის თანახმად, 2020 წლიდან საქართველოში მთლიანად პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება.

პლენარულ სხდომას შეუერთდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარ წევრთა ნაწილი აცხადებს, რომ ხელისუფლება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გარკვეული კომპრომისების გამო დათანხმდა, თუმცა დღეს უჩნდებათ კითხვები, იყო თუ არა სწორი მათი კომპრომისი.

საქართველოს 150-წევრიან პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებულ კანონპროექტს. 20 ოპოზიციური პარტიის მიერ 200 000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერით პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს მხოლოდ 32-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 55.

ამ წუთებში სხდომაზე შესვენება არის გამოცხადებული.

20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს გამოაცხადა საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ ინიციატივა:„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში“.

სწორედ, 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო ეს იყო ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეთა სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთი.