მოლდოვის პარლამენტმა პროდასავლელი მაია სანდუს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა

მაია სანდუ კენჭისყრის წინ

მოლდოვის პროდასავლელი პრემიერ-მინისტრის, მაია სანდუს მთავრობას 12 ნოემბრის კენჭისყრაზე პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა.

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 63-მა დეპუტატმა, 101-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში. ამასთან, მმართველი სოციალისტური პარტიის მომხრე აღმოჩნდა ქვეყნიდან პროტესტის შედეგად გაქცეული მილიარდერის, ვლად პლაჰოტნიუკის მოლდოვის დემოკრატიული პარტია.

მთავრობის უნდობლობის საკითხი კენჭისყრაზე მას შემდეგ დადგა, რაც 8 ნოემბერს სამთავრობო კოალიციაში მყოფმა სოციალისტურმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა მაია სანდუს ინიციატივას ქვეყნის გენერალური პროკურორის დანიშვნის პროცედურის ცვლილებასთან დაკავშირებით.

სადავო ცვლილების თანახმად, გენერალური პროკურორის კანდიდატები უნდა შეარჩიოს მინისტრთა კაბინეტმა, ხოლო კონკურსის წესით გამარჯვებული კანდიდატი შემდეგ უნდა დაამტკიცოს ქვეყნის პრეზიდენტმა. მაია სანდუ ემხრობოდა მოსაზრებას, რომ საკანონმდებლო ცვლილება შეეფასებინა ევროკავშირის „ვენეციის კომისიას“.

მთავრობის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ „ვენეციის კომისიას“ არ აქვს უფლება, განიხილოს კანონი მის ძალაში შესვლის შემდეგ. მთავრობის ჩანაფიქრის წინააღმდეგ წავიდა კრემლისადმი მეგობრულად განწყობილი მოლდოვის პრეზიდენტი, იგორ დოდონი.

12 ნოემბერს პარლამენტში უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტი ძველი შემადგენლობით განაგრძობს მუშაობას მოლოდვაში ახალი კოალიციის ფორმირებისა და მთავრობის დამტკიცებამდე.

მოლდოვის პარლამენტში ყველაზე მეტი, 36 მანდატი, სოციალისტებს აქვთ, რაც არ არის საკმარისი კოალიციის ფორმირებისათვის.

მოლდოვაში თებერვლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წარმოქმნილი საკონსტიტუციო კრიზისის განსამუხტავად, ყოფილი მეტოქეები, პროევროპული ბლოკი ACUM და იგორ დოდონის სოციალისტური პარტია, რომლებსაც პარლამენტში უმრავლესობა აქვთ, შეთანხმდნენ და ჩამოაყალიბეს მმართველი კოალიცია, რათა ხელისუფლებიდან პლაჰოტნიუკის მომხრეები ჩამოეშორებინათ.

პლაჰოტნიუკი ქვეყნიდან გაიქცა, მაგრამ მოლდოვის დემოკრატიული პარტია კვლავ წარმოადგენს სერიოზულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პარლამენტში 30 დეპუტატი ჰყავს. 4-ით მეტი, ვიდრე ACUM-ს.