ერგნეთში ბოლო ორ თვეში მეშვიდე ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკური შეხვედრა, რომელიც ბოლო ორ თვეში მეშვიდეა. ევროკავშირის მისიის შუამავლობით, წინასწარ შეთანხმებულ დღის წესრიგშია ჩორჩანა-წნელისის მიმართულებით სიტუაციის დეესკალაცია.

ვითარება აგვისტოს ბოლოდან დაიძაბა, მას შემდეგ, რაც საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან კანონიერად გახსნილი პოლიციის საგუშაგოს აღება და უარის შემდეგ, ორი ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო განათავსა ჩორჩანასთან მოსაზღვრე სოფელ წნელისის მახლობლად, საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. სასაზღვრო გადასასვლელები დაკეტა ახალგორის და საჩხერის რაიონებთან. დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის ჩაკეტვამ ოკუპირებულ ახალგორის რაიონში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

„დღევანდელი ტექნიკური შეხვედრა მიეძღვნება ჩორჩანის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს და საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ აქტივობებს. ასევე, ყველა იმ ნეგატიურ პროცესს, რაც საოკუპაციო ძალებმა დაუკავშირეს აღნიშნულ მოვლენას, კერძოდ, ვგულისხმობ ეგრეთ წოდებული გადასასვლელების ჩაკეტვის საკითხს“, - უთხრა ჟურნალისტებს ერგნეთის შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ. მისი ინფორმაციით, ქართული მხარე კვლავ დააფიქსირებს თავის პოზიციას და ხედვებს დაძაბულობის გრადუსის დაწევის და ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში ჩაყენებისთვის აუცილებელ ნაბიჯებზე.

ირაკლი ანთაძის თქმით, აუცილებლად დადგება საოკუპაციო ხაზთან მოქალაქეთა დაკავების საკითხიც. ბოლო ერთ კვირაში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის სამი ადამიანი დააკავეს. ორი მათგანი ჯერჯერობით პატიმრობაში რჩება.

რაც შეეხება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ბოლოდროინდელ ბრალდებებს საქართველოს ხელისუფლების დესტრუქციული და საფრთხის შემცველი ქმედებების, მათ შორის, ე.წ. საზღვარზე სროლის შესახებ, ირაკლი ანთაძის თქმით, მსგავსი განცხადებების კომენტირება არ სურთ: „არ გვინდა, რომ საკუთარი რიტორიკა დავუახლოვით ამ განცხადებების პათოსს, ვინაიდან ჩვენ მოვდივართ აქ სასაუბროდ კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად. და რადგან მოვდივართ, ესე იგი, ვხედავთ გზას და გვაქვს იმედი, რომ ეს არის შესაძლებელი“.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ბოლო ორი თვეა საქართველოს ხელისუფლებას კვირაში რამდენჯერმე ადანაშაულებს პროვოკაციებსა და დაძაბულობის ესკალაციის მცდელობაში. მათ შორის, 6 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია ე.წ. საზღვართან სროლის შესახებ. მსგავს ცნობებს უარყოფს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ერგნეთის დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ სიტუაციის მოგვარების ერთადერთი გზა ჩორჩანასთან მდებარე ქართული პოლიციის საგუშაგოს აღებაა.

ვითარების დეესკალაციის მიზნით, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დღემდე გამართული 6 ტექნიკური შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.