პოლიციამ ქალი დააკავა შვილების უკანონო შრომითი ექსპლუატაციის ბრალდებით

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში დააკავეს ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ბრალად ედება შვილების უკანონო შრომითი ექსპლუატაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს(შსს) ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით და მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 1984 წელს დაბადებული ი.უ.

შსს-ს განცხადებით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი არასრულწლოვან შვილებს, 2006 წელს დაბადებულ მ.უ-ს და 2007 წელს დაბადებულ ნ.უ-ს უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა. კერძოდ, ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა“.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე, ფოტო გადაღება და ფარული სატელეფონო მიყურადება, რითიც დადასტურდა ბრალდებულის მიერ არასრულწლოვანი შვილების სისტემატური შრომითი ექსპლუატაცია.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს.

ამ მუხლით ჩადენილი დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.