შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოსკარზე წარდგენილი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე 27 ადამიანი დააკავა.
„კანონდამრღვევი პირების დადგენისა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავება“, - აცხადებს შსს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის ბრალდებით 24 ადამიანი დააკავეს თბილისში, ხოლო 3 - ბათუმში. ფილმის ჩვენებისას აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით 4 ფაქტზე დაიწყო გამოძიება:
- ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე - დაკავებულია ერთი ბრალდებული;
- დავით ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე;
- პოლიციელებზე თავდასხმისა და ორი პოლიციელის დაშავების ფაქტზე;
- შსს-ს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე.
ულტრანაციონალისტური ჯგუფების პროტესტისა და კინოჩვენების ჩაშლის მუქარის მიუხედავად, გეი თემატიკის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ 8 ნოემბერს დაგეგმილი ყველა ჩვენება მოეწყო.
ლევან აკინის ფილმის ჩვენება საქართველოში 9 და 10 ნოემბერსაც გაიმართება და შსს აცხადებს, რომ წესრიგს ამ დღეებშიც დაიცავს.