ადამიანთა ჯგუფი ბათუმში კინოთეატრ „აპოლოს“ პიკეტირებას გეგმავს

„სამასზე მეტი ადამიანი შეიკრიბება 8 ნოემბერს მემედ აბაშიძის ქუჩაზე, სადაც კინოთეატრი „აპოლო“ მდებარეობს“, - უთხრა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს აქტივისტმა ვატო ნებურიშვილმა.

ადამიანთა ჯგუფი, რომელიც საკუთარ თავს ბათუმის კონსერვატიულ ნაწილს უწოდებს, აპირებს კინოთეატრ „აპოლოს“ პიკეტირებას.

ნებურიშვილის თქმით, 300 ადამიანის შეკრება გამოიწვევს ვიწრო ქუჩის გადაკეტვას და კინოთეატრის შესასვლელის პარალიზებას.

პროტესტი უკავშირდება ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) ბათუმურ პრემიერას. „კანონით ჩვენ გვაქვს გზის გადაკეტვის და პიკეტირების უფლება. ადამინების რაოდენობის გამო გადაიკეტება ქუჩა და მოხდება ამ პროცესისთვის ხელის შეშლა. აქ საუბარი აღარ მიდის იმაზე კანონიერად ვინ როგორ იქცევა. აქ ლაპარაკია ზნეობასა და მორალზე“, - ამბობს აქტივისტი.

ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) ბათუმური ჩვენება 8, 9 და 10 ნოემბერს არის დაგეგმილი. კინოსეანსებზე ყველა ბილეთი გაყიდულია.

ლევან აკინის ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქოს განცხადებით ფილმის ჩვენება ემსახურება ცოდვის ლეგალიზებას. საპატრიარქოს სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი შეურიგებელი პოზიცია აქვს და ამიტომაც ყოვლად მიუღებლად მიაჩნია ასეთი ფილმის კინოთეატრებში ჩვენება.

მოქალაქეები შეკრებას გეგმავენ თბილისში მდებარე ხუთ კინოთეატრთანაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის დროს უწყება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლების დაცვას უზრუნველყოფს.